სალომე ფაჟავას ბრინჯაოს მედალი მოსკოვის გრან-პრიზე [Video]

მოსკოვში გამართულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან-პრის ეტაპზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდა, რგოლით ვარჯიშში ბრინჯაოს მედლის მოპოვება სალომე ფაჟავამ შეძლო (მწვრთნელები – ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე).

შეგახსენებთ, რომ სალომემ 2015 წელს ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვა.

ფაჟავამ მოსკოვის გრან-პრიზე განსაკუთრებით რგოლში იყოჩაღა – ფინალში მან 18.016 ქულა დაიმსახურა და მცირედით ჩამორჩა პირველ-მეორე ადგილებზე ალექსანდრა სოლდატოვას (რუსეთი, 18.500) და ია იონ სონს (კორეა, 18.283).

გურზებით ვარჯიშში, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა ტანმოვარჯიშემ “რაჭულის” ფონზე შეასრულა, არბიტრებმა სალომე 18.150 ქულით შეაფასეს, მაგრამ ეს მხოლოდ მე-5 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. აქ კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. მარგარიტა მამუნი (რუსეთი, 18.950), 2. არინა ავერინა (რუსეთი, 18.350), 3. მელიტინა სტანიუტა (ბელორუსი, 18.316). მეოთხე კი ია იონ სონი იყო – 18.250.

ბურთითა და ლენტით ვარჯიშებში ფაჟავა მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამებით წარდგა, ფინალურ ეტაპზე გააღწია და საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიმსახურა: ბურთით (17.933) მეხუთე, ლენტით (16.633) კი მერვე იყო.

რაც შეეხება მრავალჭიდს, სალომე ფაჟავამ 71.748 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, რაც სეზონის დებიუტისთვის ურიგო არ არის. მითუმეტეს, რომ ფაჟავა ბრინჯაოს პრიზიორს მხოლოდ 0.936 ქულით ჩამორჩა. 74.066 ქულით გრან-პრი ალექსანდრა სოლდატოვამ მოიგო. მეორე-მესამე ადგილები ია იონ სონმა (72.964) და არინა ავერინამ (72.682) გაინაწილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button