სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოვიდა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოვიდა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ყოველდღე ნაბიჯ-ნაბიჯ იშლება დემოკრატია. მან ისაუბრა ქართული ოცნების მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებზე, რომლებიც მედიას, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.
ასევე, ის შეეხო რუსეთის გავლენებს საქართველოში და ოლიგარქის მიერ მიტაცებულ ინსტიტუტებს, მათ შორის სასამართლოს.
“დღეს თქვენთვის ჩამოვიტანე გაფრთხილება და მოწოდება ქმედებებისკენ. საქართველოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს ახლა. არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით. არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვხედავთ როგორ შლიან ჩვენ თვალწინ ჩვენს დემოკრატიას. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ძალადობას, მათ აკავებენ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრება აკრძალვა და დაშლა. ათასობით ევროს ეკვივალენტი ჯარიმები იწერება მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე ორგანიზაციებისთვის, მედიებისთვის. მიიღეს უცხოური აგენტის კანონი, რომელიც არის ასლი რუსული კანონისა, რომელიც გამოყენებულია მედიის რეპრესირებისთვის.
ჩვენს ინსტიტუტებს ფუნქციონირება აღარ შეეძლებათ, მართლმსაჯულება მმართველი პარტიის რეპრესიული ინსტრუმენტი. ერთი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც კი არ მიღებულა სასამართლოში ბოლო თვეების განმავლობაში.
ჩვენ ვხედავთ როგორ ჩნდება ერთპარტიული მმართველობა, რომლის უკანაც დგას ერთია ადამიანი, რომელიც ხელშეუხებელია და რუსული ავტოკრატიული მმართველობის აჩრდილია და საფრთხეა ევროპული დემოკრატიისთვის. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთის აჩრდილი. ამაზე ევროპული პასუხი იყო ზედმეტად ხმადაბალი და ჩუმი. გარკვეული დროის წინ საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი, დღეს კი იგივე ქვეყანა ნელ-ნელა ჩათრეულია რუსულ ორბიტაზე და ევროპული პასუხი არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ეს არ არის მხოლოდ ქართული კრიზისი, ეს არის გამოწვევა ევროპისთვის, ლიბერალური დემოკრატიისთვის საქართველოში და ასევე, ევროპაშიც” – თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში. პრეზიდენტის შეფასებით, ეს ასევე მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას მსოფლიოში.
“მომეცით საშუალება, ვიყო პირდაპირი – თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის ხელშესაწყობადაც ათწლეულები მუშაობდნენ ისინი, თუ ის ვერ უპასუხებს მკაფიოდ ერთ პატარა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში, რომელსაც იტაცებს რეპრესიული რეჟიმი, მაშინ ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და მას რეალური ძალა არ აქვს.
რუსეთი ამ ყველაფერს აკვირდება და შემდეგ ნაბიჯებს გეგმავს. რაც მათ 2008 წელს ტანკებით ვერ მოახერხეს და უკრაინაში წამოწყებული ომით, ახლა რუსეთი ცდილობს ამას ჰიბრიდული გზით მიაღწიოს და ჩუმად დაიპყროს საქართველო. ეს მიდგომა არ საჭიროებს არმიას. მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო, ეს არის არჩევნებში მანიპულაცია, დეზინფორმაცია და პროპაგანდა და ოლიგარქი, რომელიც შიგნიდან მიიტაცებს სხვადასხვა ინსტიტუტს”- თქვა პრეზიდენტმა.
მან ისაუბრა ქართველი ხალხის ბრძოლაზე დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის და აღნიშნა, რომ საჭიროა სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც სახელმწიფოს მიტაცებას ცდილობს.
“საქართველოს ხალხის უდიდესი ნაწილ პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას. დაიცავით ის ღირებულებები, რომლებსაც ხელს უწყობდით – იქნება ეს თავისუფალი მედია, მართლმსაჯულება თუ სხვა. ამით მნიშვნელოვან გზავნილს გაუგზავნით ყველა ავტოკრატს. ჩეხმა ხალხმა იცის რას ნიშნავს ოკუპაცია, პროპაგანდა და თქვენ უკვე ერთხელ აჩვენეთ, რას ნიშნავს თავისუფლების მოპოვება.
თავისუფლება საჭიროებს დაცვას, ქუჩებში ინსტიტუტებში, მოქალაქეებში. საქართველო დღეს ამ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენს ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, რომ ჩვენ გვერდით დადგეთ, რომ ხმა აიმაღლოთ, რომ ისაუბროთ მკაფიოდ და ცხადად, რომ იმოქმედოთ გამიზნულადა, რადგან თუ ჩვენ საქართველოს ვერ დავიცავთ დღეს, შეიძლება ხვალ ძალიან განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. კიდევ ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატის დეპუტატებს 9 აპრილის მსხვერპლთა პატივისცემისა და ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობის ნიშნად წუთიერი დუმილის დაცვა სთხოვა.
„მაგრამ ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას – ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლისას.