სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად „საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება რომელშიც პოლიტიკოსების გარდა სამოქალაქო სექტორიც ჩაერთვება
ოპოზიცია 31 მარტის დიდი აქციისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს გეგმებზეც.
შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების თქმით, ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი ახალი არჩევნებისთვის, “საერთო წინააღმდეგობის ფრონტი”, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა სამოქალაქო სექტორიც ჩაერთვება.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ისაუბრა 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვაზე, რომლისთვისაც ერთობლივად დაიწყებენ მზადებას.
31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ამასთან, მან სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა.
„განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას.
მათ შორის, განვიხილეთ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნა – პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი საკოორდინაციო ფორმატი არსებობდეს.
მათ შორის, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა არის ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად „საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება.
გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ამზადებს.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს – ამაზე მუშაობს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.
გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა – ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ – ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისივე თქმით, „ეს არის სიგიჟე“.
„სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზისი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მსჯელობა გვქონდა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაჩქარდეს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან მიმართებაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება, სადაც პოლიტიკურ ცენტრებთან ერთად, ის ადამიანებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ნაწილი არიან.
„საუბარი იყო ასევე მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს უფრო მჭიდრო კოორდინაციას პოლიტიკური ცენტრების, საზოგადოების, პრეზიდენტის ირგვლივ და ამ საუბარს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. იყო მორიგი სამუშაო და ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა.
სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალური კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება. ეს შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობის ფრონტი, შეიძლება იყოს საკოორდინაციო საბჭო – აქ სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, ამავდროულად წარმოდგენილი საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან ქუჩაში – მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს ასახული აქ, ამ საკოორდინაციო საბჭოში”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.