მნიშვნელოვანისიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგების არაღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

“სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ. p. s. არ ჩქარობენ”, – წერს მდინარაძე ფეისბუქის გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ბრიფინგზე, რომელსაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოს” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს.

“მე მინდა, დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის. რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენს არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი”, – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა და მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად უნდა დადგნენ და გამოაცხადონ, რომ “არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას”.

“ეს არჩევნები არ შედგა, არ იქნა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს”.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button