მნიშვნელოვანისაქართველო

სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა შეწყალებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გაითვალისწინა სინოდის თხოვნა.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 31 ოქტომბერს მიმართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

დღემდე პრეზიდენტს პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება 18 სექტემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორის იყვნენ 18 წლის დავით ოთხმეზურის და ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია.

18 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, გადაიხედოს შეწყალების წესი და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

პროკურატურამ 20 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

26 ნოემბერს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“.

მსგავსი პოსტები

Back to top button