“მე არ მქონია სისხლმდენი ჭრილობა მაგრამ ტკივილი განვიცადე,,-დაზარალებულად ცნობილი დგებუაძე ამაღლობელის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. პროცესზე ოცნების საგამოძიებო ორგანოების მიერ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაიკითხა. დაკავებულის ადვოკატმა პროცესზე წარმოადგინა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ირაკლი დგებუაძე 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, მან ტკივილი განიცადა და წითელი კვალი სახეზეც ემჩნეოდა. მზია ამაღლობლის ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულ კადრებში დგებუაძეს სახეზე სიწითლე არ აღენიშნება.
ადვოკატის განცხადებაზე ირაკლი დგებუაძის პასუხი იყო, რომ კადრების ხარისხი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სახეზე არსებული სიწითლე კარგად გამოჩნდეს.
“მე არ მქონია სისხლმდენი ჭრილობა, ბლაგვი საგანი არ ჩაურტყამს, მაგრამ ტკივილი განვიცადე. კონკრეტულად იმ ადგილზე სადაც მზია ამაღლობელმა დამარტყა აღმენიშნებოდა სიწითლე და ეს არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რამდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიწითლე მქონდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ ყურის მიდამოში მქონდა სიწითლე.” – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
აღნიშნულზე განცხადებაზე მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის კომენტარი იყო, რომ მას ამჯერადაც წითელი ჰქონდა ყური და შესაძლოა ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყოს.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების არგუმენტს დგებუაძის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ამაღლობელი სხვა პოლიციელს დაესხეს თავს, რადგან ის თავს დამანაშავედ არ თვლის.
ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით , პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პროკურატურამ ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა, სახის მარჯვენა არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“. სარკეში ჩავიხედე, მქონდა სიწითლე, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის მიმდინარე აქციაზე სიტუაციის განსამუხტად გავიდა.
„არასოდეს ამირიდებია თავიდან არც განმარტებების გაკეთება, არც აქციის წევრებთან კომუნიკაცია, არც ჟურნალისტებისთვის სიტყვიერი პასუხის გაცემა. მე მივიჩნიე, რომ ჩემი გასვლით და მათთან დალაპარაკებით ცოტა უფრო დამშვიდდებოდა სიტუაცია. ხშირად მომიხერხებია და მოგვიხერხებია ერთობლივად, რომ კომუნიკაცია შედარებით მშვიდდებოდა – ხოლმე. მივედი. ქალბატონი მზია მეკითხება, ჩემი ოჯახის წევრები რატომ გყავთ დაკავებული, ვეკითხები გვარს. მეუბნება გაბაიძე. ვპასუხობ: – გიორგი? ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ აღელვებას, აგრესიას. არ შემშინებია ამ ტემბრის, მაგრამ ბუნებრივია დავინახე, რომ აგრესიული იყო. იმ მომენტში მივიჩნიე, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა…
მოულოდნელად პოლიციელის ქურთუკზე მქაჩავს. მეუბნება ფრაზას: „მე რომ დამაკავეთ“. პოლიციელის ქურთუკით მომქაჩა, გამიკვირდა, ეს შეურაცხყოფა არ დამიმსახურებია, გაოცებულმა შევხედე. შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, ესე ნუ მოიქცევით, მაგრამ შენიშვნის მიცემა არ დამცალდა, გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ერთგან დამარტყა სახის მარჯვენა არეში. საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემ მიერ განცდილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან, თუ ვინმე სინონიმს მეტყვის რას განიცდის ადამიანი ამ დროს როცა სახეში ხელს ურტყამენ… მე განვიცადე ტკივილი. ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, “ნახე რა სიწითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს”. ბუნებრივია, მეც დავინტერესდი რა მჭირს სახეზე. ჩემს სამუშაო კაბინეტში ასვლის შემდეგ, სარკე მაქვს სამუშაო კაბინეტში, ჩავიხედე, მქონდა სიწითლე“,- განაცხადა დგებუაძემ.
ამასთან, როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქართველოში ყველა ადამიანმა იცის, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ისჯება.
„არ მგონია საქართველოში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობდეს, რომელმაც არ იცის, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა დასჯადია. პირველმა კლასელმა ბავშვმაც იცის, არაიურისტმაც“, – განაცხადა დგებუაძემ. მისი განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ გულისხმობს. „სიტყვის თავისუფლებაში ყველაფრის უფლება არ იგულისხმება“, – განაცხადა დგებუაძემ.
მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც დგებუაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელის პიროვნებისა და მისი პროფესიის მიმართ მას უარყოფითი განცდები არ ჰქონია.
„ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული. ამ ქალაქში მოღვაწე ყველა ჟურნალისტთან აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.
მზია ამაღლობელის როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა“,- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
Netgazeti-ს თანახმად, პროცესზე ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ მზია ამაღლობელმა “მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად დაარტყა”, რის შემდეგაც “ტკივილი განიცადა”.
“პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მომკიდა და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი”, – თქვა ირაკლი დგებუაძემ პროცესზე.
არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7- წლამდე არ იყოთ საპყრობილეში , – ასე უპასუხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კითხვას, რა ზიანი მიაყენა ისეთი, რომ ციხეში 4-დან 7-წლამდე უნდა იჯდეს.
მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძეს მოუწოდა, განემარტა, რა ზიანი მიაყენა?
„თქვენ დღეს წარმოდგენილი ხართ დღეს, როგორც დაზარალებული. ძალიან მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? – იცით, ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4 დან 7-წლამდე სასჯელს.
პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა. თქვენი პასუხია – კი. რა ზიანი მიგაყენეთ თქვენ რომ მითხრათ?“, – ჰკითხა ამაღლობელმა დგებუაძეს.
ამასთან დაკავშირებით დგებუაძემ უპასუხა, რომ ფაქტი არის ის, რომ ამაღლობელმა პოლიციელს მიზანმიმართულად გაარტყა ხელი სახეში, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით.
„ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი დგებუაძის მიზანი თქვენი საპყრობილეში ყოფნა არასოდეს ყოფილა. ფაქტი, რომ თქვენ პოლიციელს მიზანმიმართულად სახეში ხელი გაარტყით, ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკრეტული მუხლით. მე მესმის, რომ საზოგადოებისთვის რთული აღსაქმელია 4-დან 7-წლამდე პატიმრობა. მე გულწრფელად არ გისურვებთ საპყრობილეში არც 4 წელს და არც არცერთ დღეს. სამწუხაროდ, თქვენი არასწორი სტრატეგიით, მხოლოდ და მხოლოდ, ირაკლი დგებუაძის ანტიპიარი მიდის და ირაკლი დგებუაძე პიარზე ნაკლებად ნერვიულობს. თქვენი განთავისუფლებისთვის სამართლებრივად თქვენი ეს სტრატეგია არ მუშაობს. არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იყოთ საპყრობილეში“,- აღნიშნა დგებუაძემ.
ირაკლი დგებუაძის ამ განმარტებაზე ამაღლობელმა უპასუხა, რომ მისი აზრით, შურისძიებას აქვს ადგილი – „მართლა მგონია, რომ ეს არის შურისძიება“.
დგებუაძემ შესაბამის რეპლიკას მცდარი უწოდა და დასძინა, რომ ის არ ისურვებდა მზია ამაღლების ციხეში ყოფნას.
„ანუ , მე ვცდილობდი თქვენდამი შურისძიებას? პირდაპირ გეუბნებით, რომ ცდებით. არა მარტო ირაკლი დგებუაძე, არამედ არც ერთი პირი თქვენს მიმართ არ ცდილობს შურისძიებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვისურვებდი თქვენს ციხეში ყოფნას, მაგრამ მე არ ვარ ის უფლებამოსილი პირი, რომელმაც თქვენი უდანაშაულობა და ბრალეულობა უნდა განსაჯოს, შესაბამისად, ჩემი აღქმით, თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ”, – უპასუხა დგებუაძემ მზია ამაღლობელს.