კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა”

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია “მთავარის” თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება.

„სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის პოლიტიზირების შეწყვეტის შესახებ გაგაფრთხილათ, მაგრამ მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება. ოპოზიციური არხის მეწილეს, გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“- წერს ანდრიუს კუბილიუსი twitter-ზე.

გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმიანება. “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

“მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული ბატონ გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

“მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე.” – აცხადებს სენატორი, რომლის კომენტარსაც “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.

“მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რურუას საკითხთან დაკავშირებით, მიიღო დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე გარკვეული კითხვები არსებობდა, მათ შორის, კითხვები იყო დაკავების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით.

“იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვჭერით გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება დამოუკიდებლად და სამართლიანად.” – განაცხადა დეგნანმა.

“მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად, მიექცეს ყურადღება.” – ამის შესახებ აშშ- ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 6 კონგრესმენის მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ესენი ის ხალხი არიან, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს და მის წარმატებაზე ზრუნავენ.

“მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მკაფიოდ არის ხელისუფლების დაყოფა სხვადასხვა შტოში. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის და ხელისუფლების ამ შტოს მიეკუთვნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამაზე გავაკეთო განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად, მიექციოს ყურადღება, რადგან ესენი არიან ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. მე მქონდა ურთიერთობა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან და მინდა ვთქვა, საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომელთაც აქვთ ერთგულება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიმართ და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში.” – განაცხადა დეგნანმა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასადმი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, 20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

პარტიები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

ოპოზიციური პარტიების განმარტებით, რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მაგალითია, თუ რამდენად მორჩილია სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთების წინაშე.

„ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ აქვს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებული. გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

“გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავს ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

“სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი, ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ, სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები: „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“.

გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.

“ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, “საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე, თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში პროგრესს განიცდის”.

“საქართველოს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე, რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მოიხადოს ეს პასუხისმგებლობა და უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს ან რაღაც სხვა ფორმები არსებობს იურიდიული.

“ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი, ამიტომ, ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს ეძახის ან რაღაც ტელევიზიის მფლობელია, ეს არ უნდა იყოს ალიბი იმისთვის, რომ დანაშაულიდან თავი აირიდოს.” – თქვა პრემიერმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ რურუა პრეზიდენტმა შეიწყალოს, გახარია პასუხობს, რომ შეწყალება სრულად პრეზიდენტის უფლებაა და მან არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.

მოისმინეთ გიორგი გახარიას ხმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უკვე შეიწყალა.

რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მაღალჩინოსნებმა.

რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს, აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button