,,სალომე ზურაბიშვილს „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ სტანდარტულად არ დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა,,-კობახიძე
სალომე ზურაბიშვილს „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი თავის თანამდებობაზე – იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ სტანდარტულად არ დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, მეორე დღესვე გაიმართება.
„სალომე ზურაბიშვილის „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ჩვენთვის პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში 100 მანდატზე მეტს მიიღებს, მყისიერად, უკვე მეორე დღეს პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც მხოლოდ ერთი თვით იკვეცება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ სტანდარტულად არე დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა; როგორც მოღალატემ. ეს უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“,- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.