ლიმანში მასობრივ სასაფლაოზე ბავშვების ცხედრებიც აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში, რომელიც მაისის შემდეგ რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ ყოფნის შემდეგ ახლახან გაათავისუფლა უკრაინის არმიამ, კვირას ჩაატარეს ოკუპაციის დროს დაღუპულ სამოქალაქო პირთა მასობრივი სამარხებიდან პირველი 20 ცხედრის ექსჰუმაცია. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იტყობინება.
მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ გადავიდა, ცნობილი გახდა ორი მასობრივი სამარხის შესახებ. ერთში დამარხულია 200-მდე სამოქალაქო პირი. ისინი ცალ-ცალკე საფლავებში არიან დაკრძალული. მეორე – უკრაინის არმიის სამხედროთა საძმო საფლავია. ექსჰუმაციის მიზანია დაღუპულთა ვინაობისა და მათი სიკვდილის მიზეზების დადგენა. ის ტარდება ომის წესებისა და ჩვეულებების დარღვევათა შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
როგორც იტყობინებიან, მთლიანობაში 29 სექტემბრიდან უკრაინის პოლიციამ დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში 87 გვამი აღმოაჩინა. მათი უმრავლესობა ჭურვების ნამსხვრევებით მიღებულ ჭრილობებს ემსხვერპლა ან ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.
მანამდე ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რომელიც უკრაინის ჯარებმა სექტემბერში დაიბრუნეს, გვამების ექსჰუმაცია ჩაატარეს სამარხებიდან, რომლებშიც 400-ზე მეტი ადამიანი იყო დამარხული. როგორც იტყობინებიან, მათ შორის ნაპოვნია გვამები წამების კვალით.
უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივ სასაფლაოზე ბავშვების ცხედრებიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ლიმანში მასობრივი სასაფლაოების შესახებ ინფორმაცია მათ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.
თვითმხილველის თქმით, მან აღნიშნულ სასაფლაოზე 20 უკრაინელი მებრძოლი დაკრძალა. დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ლიმანი სექტემბერში გაათავისუფლეს.
გარდა ამისა ზაპოროჟიეზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.
გვიან ღამით რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
უკრაინის გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 110 მეხანძრე-მაშველი და 24 სპეციალური ტექნიკა. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.