მნიშვნელოვანისიახლეები

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირები დაამატეს

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირები დაამატეს საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის ჯებირების დამატება, სავარაუდოდ, 19:00 საათზე ჩანიშნულ საპროტესტო აქციას უკავშირდება.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მოაქვთ.
მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
ამასთან, სამართალდამცავებმა, რკინის ჯებირები პარლამენტის უკანა მხარესაც დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

შეგახსენებთ რომ “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”- დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.

“გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე “უმრავლესობამ”, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button