მნიშვნელოვანისიახლეები

ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე აქტივისტია დაკავებული

საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.
პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა, არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან: ვანო მაღალაშვილი, ნიკა ნარსია და ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი. პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა.

პარლამენტთან, აქციაზე, სამართალდამცველებმა ენმ-ის წევრი გიორგი პატარაია და სამოქალაქო აქტივისტი ნიკა კვიტატიანიც დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა წერს, რომ კვიტატიანი “მონა ლიზას” სკანდირების გამო აიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 20-მდე აქტივისტია დაკავებული.
აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

სამართალდამცველებმა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესო გაზდელიანი.

სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს.

ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მისი თქმით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის დააკავეს.

აქციაზე აქტივისტებს სურდათ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში სამანქანო გზა გადაეკეტათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობდნენ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ დაიწყო.

დემონსტრანტები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატების ნაწილი იძულებით გაიყვანეს პარლამენტის მანდატურებმა. ამასთან, დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დიდ ნაწილს.

პროტესტის მიუხედავად, კომიტეტების სხდომა გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.

პარლამენტში ისმის სკანდირება: “არა რუსულ კანონს!”, “მონებო!”, “აღარ მოღალატეებს!”

კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ინიციირებულია მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან”, წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, “ხალხის ძალამ” თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგიური იქნებოდა – ეს კანონპროექტი სახელწოდებით “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button