სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს მოთხოვნა “ოცნებას”უსაფუძვლოდ მიაჩნია

ოპოზიციის მიერ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებებზე ვეტოს მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ “ქართულ ოცნებაში”. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტის უფლებაა, თუმცა კანონის ძველი ვერსიის ძალაში დატოვება არასწორად მიაჩნიათ.
“ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი საქმე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შექმნილია ისეთი სისტემა, რომ საკონსტიტუციო ორგანოები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტიც.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კანონი, რომელიც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან და მეტიც – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო შესასრულებელი და ეს იყო ძირითადი საფუძველი ამ კანონპროექტის. ასევე, აუცილებელია, ისეთი პრევენციული ხასიათის ზომების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვას,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადოს. პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ კანონი ანტიდემოკრატიულია.
გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვეტოს ჯერ უცნობია. ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე ხელმოწერისთვის ვადა კიდევ ერთი კვირა აქვს.
პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.