სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის მალზახ თორიას ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 17 დადებითი პასუხია.
როგორც ჟურნალისტებს თორიამ განუცხადა, დადასტურებული შემთხვევებიდან 9 ზუგდიდის, 3 ფოთის და 5 კი აფხაზეთის კლასტერიდანაა.
“7 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტია, რომელიც არსად არ მუშაობს და დიასახლისია, მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან (კონკრეტულად მედდები). 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია – მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა თორიამ.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 186 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი.