სამეგრელოში პოლიციის მაღალჩინოსნები თანამდებობებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, რამდენიმე დღის წინ დაკავებული ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის ნიშნად,სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პატრულ-ინსპექტორმა გიორგი ბერიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.
პოლიციის რიგებს ტოვებს კიდევ ერთი თანამშრომელი,კრიმინალური პოლიციიდან ჯიმი გაგუა.
“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ” – განაცხადა გიორგი ბერიშვილმა.
პროტესტის ნიშნად შსს-ს დატოვებას ადასტურებს თავად გიორგი ბერიშვილი, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი,საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს და დააკავეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და ლექსო რაფავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სახლში იარაღი და ხელყუმბარა არ ჰქონია, ხოლო მისი დაკავება უკავშირდება არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებს ერთიანი ოპოზიციის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ამავე მიზეზით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიცია კიდევ ერთმა პატრულ-ინსპექტორმა და სასაზღვრო პოლიციის ანაკლიის განყოფილების უფროსმა დატოვა.