მნიშვნელოვანისაქართველო

“სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურების მშენებლობა იგეგმება”

“სამგორი-ლილოს, სამგორი -აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის ფარგლებში, 8 ახალი სადგური აშენდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროს ეს ხაზი 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

როგორც თბილისის მერმა „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამგორი-ლილო, ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. მისივე თქმით, მერია ამ პროექტის მეორე ნაწილზეც მუშაობს, კერძოდ, ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირებაზე.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით თბილისის მერია განახორციელებს ახალ პროექტს, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება – თბილისში ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით და ასევე სამგორი-აეროპორტი, აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. დაახლოებით, 8 ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი, აქედან 30 მილიონამდე არის მხოლოდ მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე ამ მიმართულებით 6 სრულიად ახალი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს და მოცდის შუალედი პირველ ეტაპზე 10 წუთი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებში ჩვენ ვაგონების რაოდენობას გავზრდით და მოცდის დროს შევამცირებთ. დღეს წარმოვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის სიახლე ჩვენი ქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობა იქნება კმაყოფილი ამ პროექტის განხორციელებით. მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ვიწყებთ 2019 წლიდან და 2021-2022 წლისთვის იქნება მთლიანად დასრულებული. ასევე, ვმუშაობთ ამ პროექტის მეორე ნაწილზე, ვუკვეთავთ კვლევას, რუსთავის მიმართულებით რამდენად შესაძლებელი და სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ანუ მეტროთი რუსთავთან დაკავშირება. როდესაც გვექნება კვლევის შედეგები მივიღებთ გადაწყვეტილებას. კვლევას რამდენიმე თვე დასჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

მიწისზედა მეტროს ახალი პროექტი►

მსგავსი პოსტები

Back to top button