მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ ე.წ. უშიშროების კომიტეტმა “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დე ფაქტო უწყების მტკიცებით, დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მათ “სახელმწიფო საზღვარი განზრახ გადაკვეთეს”.

“საგამოძიებო ღონისძიებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო”, – წერს დე ფაქტო უწყება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი ოკუპანტებმა 24 ნოემბერს გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული, ხვიჩა კორინთელი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.
ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა “გიორგობის” მეორე დღეს, 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესია რამდენიმე წელია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ადგილობრივები იქ უპრობლემოდ მიდიოდნენ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს. დაკავებულთა ნათესავების მონათხრობით, ხვიჩა კორინთელი ძმისშვილთან, დიმიტრი კორინთელთან და თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად სწორედ ამ ეკლესიაში წავიდა, თუმცა ისინი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აძველების დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 ნოემბერს გაავრცელა. სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“; უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაათავისუფლებენ დიმიტრი კორინთელს და გიორგი მელაძეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button