მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სამხრეთ რუსეთსა და ჩრდილოეთ ყაზახეთში წყალდიდობაა

მდინარე ურალში წყლის დონემ 872 სანტიმეტრი შეადგინა დაიტბორა 2 015 მიწის ნაკვეთი და 1 535 კომლი

სამხრეთ რუსეთსა და ჩრდილოეთ ყაზახეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა თოვლის დნობისა და კაშხლის გასკდომით გამოწვეული წყლის დონის მატების გამო. ეს პროცესი, არსებული მოლოდინით, კიდევ ერთი დღის განმავლობაში ვერ მიაღწევს პიკს.

ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონის, რუსეთის სამხრეთში მდებარე ორენბურგის ქალაქ ორსკის მერი ვასილი კოზუპიცა 8 აპრილს აცხადებს, რომ მიმდინარეობს მდინარე ელშანკის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია, რადგან მდინარის წყლის დონე მკვეთრადაა გაზრდილი.

5 აპრილის შემდეგ წყალდიდობამ ორჯერ გამოიწვია მდინარე ურალზე მდებარე კაშხლის ნაწილობრივი კოლაფსი ორსკში, სადაც 23 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, დაიტბორა ქალაქის ძველი ნაწილის ნახევარი.
რუსეთის ხელისუფლებამ 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ ადგილებში – იუწყება სახელმწიფო მედია.

წყალდიდობამ, რომელიც მოჰყვა მდინარე ურალის წყლის დონის მატებას, 4000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 885 ბავშვის ევაკუაცია გამოიწვია – აცხადებს რეგიონის გუბერნატორი.
ამასთან რუსეთის ქალაქ ორენბურგის მერმა სერგეი სალმინმა, ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ დაიტბორა კიდევ 2000 სახლი, რაც საერთო მონაცემს რეგიონში 6300-მდე ზრდის.

საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო “უყურადღებობის და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის” საკითხზე.

კრემლის განცხადებით, ზოგიერთ არეალში წყლის დონე 100 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მატულობს, ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წყლის დონის ზრდა გაგრძელდება სულ მცირე 9 აპრილამდე.

ამასთან რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი ალექსანდრ კურენკოვი 7 აპრილს ჩავიდა ორსკში – ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზიანებულ ქალაქში – რათა სამაშველო ოპერაციებს უხელმძღვანელოს.
ქალაქის მერი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ექსპერტების პროგნოზით, წყლის დონემ, შესაძლოა, სახიფათო ნიშნულს გადააჭარბოს.

„წყალი შეიძლება ღამით მოვარდეს, თქვენ საფრთხეში აყენებთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს! აბსოლუტურად ყველამ, ვინც წყალდიდობის ზონაშია, უნდა დატოვოს სახლები. ნუ გადადებთ ევაკუაციას!”- აცხადებს მერი.

მისი თქმით, უახლოეს ორ დღეში ვითარება მხოლოდ გაუარესდება. „წყლის დონე, ექსპერტების პროგნოზით, გადააჭარბებს საშიშ დონეს. ნუ დაელოდებით ამას! წადით ახლავე”, – წერს მერი.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, დილით მდინარე ურალში წყლის დონემ 872 სანტიმეტრი შეადგინა, დაიტბორა 2 015 მიწის ნაკვეთი და 1 535 კომლი.
მდინარე ურალის წყლის დონის მატება ყაზახეთსაც შეეხო.

ყაზახეთის ათ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მასშტაბური წყალდიდობის გამო. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 200-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალურად დადასტურებულია ორის სიკვდილი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დატბორილია 5000-ზე მეტი სახლი. წყლით დაფარულია საავტომობილო გზები. სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვეტილია 61 დასახლებულ პუნქტში. დანგრეულია ხიდები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვიან.

ყაზახეთში თითქმის ყოველ გაზაფხულზე იწყება თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. წელს მდინარეებიდან წყლის გადმოსვლა მარტის ბოლოს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში მოიცვა 10 რეგიონი.
მიუხედავად მთავრობის მუდმივი განცხადებებისა, რომ პრევენციულ ზომებს მიმართავენ, წლევანდელმა წყალდიდობამაც დაადასტურა, რომ რეალობა სხვაგვარია.

არასაკმარისი და უხარისხო დამცავი ნაგებობების გარდა, პრობლემად ასახელებენ წყალსაცავების არასწორად ექსპლუატაციას და მდინარეების სათავეების და არხების დაბინძურებას.

ყაზახეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი, რომელიც საგანგებო სიტუაციების სფეროს ხელმძღვანელობდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, ორსკში, მდინარე ურალზე კაშხალი გაირღვა, რის შედეგადაც ქალაქის ბევრი უბანი დაიტბორა. წყალდიდობის საფრთხის წინაშე სხვა ქალაქებიც აღმოჩნდნენ. ოლქში ადამიანების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ორენბურგის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button