სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ მავთულხლართები გააბეს

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საბაბით ტერიტორიის შემოღობვას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ამ ქმედებით, პროტესტის შეზღუდვას ცდილობს. რუსთაველზე მოძრაობა “გაბედეს” წევრები მივიდნენ. გაიმართა აქცია-პერფორმანსი. მოძრაობის წევრებმა პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ღობეს მავთულხლართები შემოავლეს. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პარლამენტი ოკუპირებული აქვს, რუსი ოკუპანტების მსგავსად ტერიტორიებს ღობავს და მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების და პროტესტის გამოხატვის საშუალებას უზღუდავს.
“გაბედეს” გარდა პარლამენტის წინ სხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათ მწვანე ღობეზე საპროტესტო წარწერები გააკეთეს და სტიკერები მიაკრეს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება კარვების გაშლას არ უკავშირდება და პროექტი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში შეიძინეს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი მოწესრიგება. ბენდელიანის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება არანაირ კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან.