მნიშვნელოვანისიახლეები

სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება – მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც განათლებულია-მდინარაძე

“ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი პარტიის მიერ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის დაყენება “გაამართლა” და აღნიშნა, რომ “სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება”- მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია! აგერ, ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა! – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

“არა [არ არის პრობლემა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი] იმიტომ, რომ თქვენ შემთხვევითი გგონიათ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებში დიპლომი ნახსენები არ არის? ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება,” – „რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“ – ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილის განათლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა, რომ მომავალ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დიპლომი არ ექნება, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს არც ფორმალური და არც რეალური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს.

სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს – სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, ექვსი-შვიდი კანდიდატურა იყო, ვისი წარდგენაც პრეზიდენტის პოსტზე განიხილებოდა. კითხვაზე, ვისი იდეა იყო მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელება, მდინარაძემ განაცხადა, რომ მას ეს არ ახსოვს.

“ექვსი-შვიდი კანდიდატურა იყო. აქ ბევრი კრიტერიუმია – კონკრეტულ კომპეტენციას მორგებული კანდიდატურა რამდენად შესატყვისია, რამდენად ერგება პრეზიდენტის კონკრეტულ კომპეტენციას, ეს არის მთავარი ამოსავალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 27 ნოემბერს დაასახელა.

მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება. ის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, გამოქვეყნებულია პარლამენტარების ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებშიც დეპუტატების სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შესახებ წერია. თუმცა მიხეილ ყაველაშვილის შემთხვევაში, განათლების შესახებ ველი ცარიელია.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2022 წელს მისი განათლებით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

ორგანიზაციას პარლამენტიდან აცნობეს, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button