ისრაელიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა თელ-ავივი – თბილისის რეისი, რომლითაც თბილისში 154 მოქალაქე ჩამოფრინდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს, უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.
ასევე, საქართველოს 150-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში წუხელ, იერუსალიმიდან, Georgian Airways-ის სპეციალური რეისით, რომელმაც “წმინდა ცეცხლიც” ჩამოიტანა.
თვითმფრინავის ეკიპაჟს ბორტი არ დაუტოვებია, მათ ცეცხლი საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ გადასცა.
2020 წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში დაბრუნდა 6747 მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.