სამთავრობო კრიზისი – მარგველაშვილმა ღარიბაშვილს უარი უთხრა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგინა.
“დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა წარმომიდგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმისთვის, რომ წარვადგინო პარლამენტში.
ბოლო კვირაში რაც ვნახეთ, რომ ერთი მინისტრი წინა დღეს ამბობდა არ გადავდგებიო, მეორე დღეს კი თანამდებობიდან წავიდა, მგონია არ არის სწორი.
არ ვიცი რამდენად სწორია ის ვითარება, როდესაც ასეთი სიხშირით იცვლება თავდაცვის მინისტრი. ვფიქრობ, მთავრობა ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობს. სწორედ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს უნდა მივცე ერთ კვირიანი ვადა ნორმალურად შეარჩიოს მთავრობის წევრები, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას. რთული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ამიტომ მე დღეს ხელს არ ვაწერ აღნიშნულ შეთანხმებას” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდეტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და “ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას”.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია.