მნიშვნელოვანისიახლეები

,,სამწუხაროდ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკურია, ასეთი ბულინგი მოჰყვა ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე”-მგზავრები

მუსიკალური ჯგუფი “მგზავრები” 20 ოქტომბრის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

ჯგუფი განმარტავს, რომ პარკის გახსნის ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის მიერაა ორგანიზებული, “აპოლიტიკურია” და დაემთხვა ამავე დღეს დაგეგმილ “ევროპის მარშს”, “ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი”.

“მგზავრები” ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ, კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი.

სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე”, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
მანამდე, “მგზავრების” კონცერტის გაუქმებას თბილისის მერია გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ “ლიბერალური ფაშიზმის” წარმომადგენლებმა ჯგუფის წინააღმდეგ “ბულინგი” მოაწყვეს.

“სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლეს იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

17 ოქტომბერს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვისუბნის პარკის გახსნაზე “მგზავრების” კონცერტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.

“მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია”, – წერია “მგზავრების” ფეისბუკზე.

20 ოქტომბერს, საღამოს, 17 საათიდან თბილისში გაიმართება მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. მარშის მონაწილეები ხუთი ადგილიდან დაიწყებენ მსვლელობას და თავისუფლების მოედანზე შეერთდებიან.

“და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!” – წერენ მარშის ორგანიზატორები.

მსგავსი პოსტები

Back to top button