მნიშვნელოვანისიახლეები

მინისტრ გომელაურს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მოუსმენენ-ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წინაშე 22 სექტემბერს წარდგება და შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას შესთავაზა, გამოეყენებინათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა.

„ადრეც, როცა ჰქონდათ ინიციატივა, შევთავაზე მათ, ის ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, რომლებიც უფრო სწრაფი და ეფექტიანია, მათ შორის გამოეყენებინათ ინტერპელაციის შესაძლებლობა. კარგია, რომ ამის შემდეგ ინტერპელაციით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც 22 სექტემბერს სწორედ ამ ინტერპელაციაზე საპასუხოდ მოვა პარლამენტში და შესაძლებლობა ექნებათ, ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ამიტომ ოპოზიციის მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, დაელოდონ ინტერპელაციას და ნახონ, რა კითხვები დარჩათ და მიიღებენ თუ არა პასუხებს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა და ყველა საკითხზე გასცემს პასუხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაშიც ამ კუთხით ერთიანობა არ არის.

„სხვათა შორის, ოპოზიციაშიც ვხედავთ, რომ ერთიანობა არ არის. ცხადია, საგამოძიებო კომისია კიდევ ერთი პოლიტიკური რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა. რაიმე კითხვა თუ აქვთ, სწორედ ამისთვის არსებობს ინტერპელაცია, დაიბარონ ანგარიშვალდებული სტრუქტურები და ინტერპელაციის წესით გასცემენ ყველა კითხვას პასუხს. საგამოძიებო კომისიის შექმნით, შესაძლოა, იმედი ჰქონდეთ, რომ თემის გარშემო გარკვეული მედიააჟიოტაჟი შექმნან, რაც შოვის ტრაგედიის ფონზე ყველაზე არაღირსეული საქციელია. ეს არ არის სწორი საქციელი არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში
განცხადება გააკეთა პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციას საშემოდგომო სესიისთვის დღის წესრიგში საკითხები არ აქვს და მათი მთავარი პრობლემა ესაა.

“მოცემულობა უკვე შექმნილია, რადგან ოპოზიციას არ აქვს დღის წესრიგში საკითხები. ეს არის ნომერ პირველი პრობლემა მაგათთვის. საშემოდგომო სესია იწყება, ჩვენ გვაქვს რაღაც საკითხების დაინიცირებული, დასაინიცირებელი და ოპოზიციას არაფერი არ აქვს. დღის წესრიგში საკითხები არ აქვთ საერთოდ. ამიტომ, სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული მოვლენებიც კი არის ისეთი, რომელსაც იყენებენ, მათ შორის ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმის, რომ მათ დღის წესრიგში საკითხი არ აქვთ,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ბიუროზე გადის “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა, შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
წინასწარ ცნობილია, რომ ამ საკითხზე ოპოზიციური ერთობა არ არსებობს, ამ მიზეზით კი “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირას არა საკითხის კენჭისყრას, არამედ შინაარსობრივ განხილვას ითხოვს.

როგორც პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, მიზანია შედგეს ღია, საჯარო დისკუსია პარლამენტში.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს პირველივე სასესიო კვირაში. ჩვენი თვითმიზანი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, რომ მოვახდინოთ კენჭისყრის პროცედურის ფორსირება, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პროცედურული ხრიკებით და საპროცედურო ომით, როგორ ხელის გადაგრეხვით იგებს პროცედურულ ომს რუსული ოცნება. მაგრამ, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის რომ შედეგს ღია, საჯარო დისკუსია პარლამენტში. ამიტომ, ჩვენ ამ კვირაშივე ბიუროს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხის განხილვას,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შოვის სტიქიის საკითხთან დაკავშირებით კითხვები სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნა, თუმცა არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღიათ.

“ეს შეკითხვები გაეგზავნა პრემიერ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, უსაფრთხოების საბჭოს, გარემოს დაცვით უწყებებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. კითხვები მიემართებოდა კრიზისის პრევენციის და კრიზისის მართვის საკვანძო საკითხებს. მათ შორის, 3-4 აგვისტოს ღამით მიმდინარე თუ ჩასატარებელ სამძებრო სამუშაოებს. ასევე, ცხადია, მიემართებოდა იმ საკითხებს, რა სამუშაოები იყო გაწეული პრევენციის სისტემისთვის, შეტყობინების სისტემის დანერგვისთვის და რასაკვირველია, რეაგირების ნაწილში. მაგრამ, 45-დან არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ სახელმწიფო უწყებებს,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ადამიანების სიცოცხლე არასდროს გახდება მათთვის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.

“ჩვენ ამ უმძიმესი ტრაგედიის პირველივე დღიდან ვთქვით, რომ ადამიანების სიცოცხლე ვერასდროს გახდება ჩვენთვის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ჩვენი ერთადერთი ინტერესი ცხადია არის სიმართლის დადგენა, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და მომავალში მსგავსი უბედურების თავიდან აცილება. ჩვენ მივმართეთ არა ერთი კითხვით ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ შეეცვალა გამოძიების მიმართულება და სწორი მიმართულებით წაეყვანა გამოძიება,” – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

სამწუხაროა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური პერფორმანსებისთვის სურთ, ამაში არანაირი შინაარსი არ არის. საკითხის შესწავლა მართლა თუ უნდათ, შოვში ერთი ოპოზიციონერი მაინც ჩავიდოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცდილობენ, ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური კითხვები გააჩინონ.

„შოვში ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და ამ ტრაგედიის მნახველი ადამიანები სხვა დამოკიდებულებით რომ უნდა ყოფილიყვნენ, მათ პირდაპირ საგამოძიებო კომისიაზე დაიწყეს საუბარი. ეს მაშინ, როცა თავად არ ჰქონდათ პასუხები – რაიმე საკითხი არის თუ არა გამოსაძიებელი და კომისიის შექმნა თვითმიზნად გამოაცხადეს. საჭიროა თუ არა გამოძიება, ამას თავად კარგად ვერ ხვდებიან, მაგრამ კომისიის შექმნა მაინც უნდათ. ამით ცდილობენ, ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური კითხვები გააჩინონ და ოპონირებისთვის ახალი სცენები გახსნან. ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური პერფორმანსებისთვის უნდათ, ამაში არანაირი შინაარსი არ არის. საკითხის შესწავლა მართლა თუ უნდათ, შოვში, ადგილზე ერთი ოპოზიციონერი მაინც ჩავიდოდა, რათა გაერკვნენ, რა კითხვა შეიძლება, არსებობდეს და არსებობს თუ არა პასუხები საგამოძიებო კომისიის გარეშეც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დროებითი საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, რათა გავიგოთ, რომელი სტრუქტურა მუშაობდა ეფექტურად, რომელმა დააკლო მუშაობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შოვში მომხდარი აღარ უნდა განმეორდეს.

„ვიღაცის დასჯა და ჩამოხრჩობა კი არ გვინდა, არამედ პრევენცია გვინდა, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ხელი არ გავიშვიროთ. გვჭირდება, რომ სისტემა გამართულად მუშაობდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, გარდა პრევენციისა. მომავალში მაინც უნდა დავაზღვიოთ ტრაგედიებისგან. როცა ზაფხულში მიდიხარ და დასვენება გინდა, გული არ უნდა გისკდებოდეს, რომ ღვარცოფში მოჰყვები და სტრუქტურები დროულად არ იმუშავებენ“, – განაცხადა ელსიაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მასზე რეაგირების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილება დღეს წარედგინა. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა.

ფრაქცია განმარტავს, რომ კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის ადგილას განვითარებული პროცესების პროგნოზირება და მოსახლეობის დროული გაფრთხილება, მათ შორის, განგაშის სისტემა (Alarm System), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების გაფრთხილება და დროული ევაკუაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button