„მარცვლეულის შეთანხმების“ ჩაშლის შემდეგ ოდესიდან პირველი გემი გავიდა

ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა. ეს არის პირველი გემი, რომელიც გამოიყენებს შავი ზღვის დროებითი გადაზიდვის დერეფანს, რომელიც შეიქმნა გასულ თვეში გაეროს შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ.
„დღეს ოდესის პორტიდან კონტეინერმზიდი JOSEPH SCHULTE (ჰონკონგი) გავიდა და ის სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნით გადაადგილდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰონგ-კონგის დროშით მცურავი ხომალდი ოდესიდან გავიდა 16 აგვისტოს, დილით, – წერს ფეისბუკში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლექსანდრ კუბრაკოვი.
როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვის სოციალურ ქსელში იუწყება, გერმანული კონტეინერმზიდი „ჯოზეფ შულტე“ ოდესის პორტში 2023 წლის თებერვლიდან იდგა, ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება, უკრაინის მიერ სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით. მასზე 30 ათასი ტონა ტვირთია, მათ შორის, სამრეწველო დანიშნულების.
როგორც კუბრაკოვი აღნიშნავს, დროებითი დერეფნით პირველ რიგში ისარგებლებენ უკრაინის პორტებში- ჩორნამორსკში, ოდესასა და იუჟნიში ომის დაწყების გამო ჩარჩენილი ხომალდები.
კიევმა “ჰუმანიტარული დერეფნის” შესახებ 8 აგვისტოს გამოაცხადა, რათა ოდესის პორტ ჩერნომორსკსა და პივდენიში გაჩერებულ ხომალდებს გასვლის საშუალება მისცემოდათ. რუსეთს ინიციატივაზე განცხადება არ გაუკეთებია და არ უთქვამს, დაიცავს თუ არა დერეფანს.
13 აგვისტოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა გაფრთხილების მიზნით ესროლა სატვირთო გემს, რომელიც უახლოვდებოდა უკრაინის პორტ იზმაილს, დუნაიზე. მას შემდეგ, რაც ის რუსეთის სამხედროებმა გაჩხრიკეს, გემს წასვლის საშუალება მიეცა.
გემი, რომელმაც ოდესა 16 აგვისტოს დატოვა, იყო პირველი კომერციული ხომალდი, რომელიც ამ პორტიდან 17 ივლისის შემდეგ გავიდა.
17 ივლისს მოსკოვმა გამოაცხადა, რომ გადის გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც მიმართული იყო შავი ზღვის გზით უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაზე.
ამასთან „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს და ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან.
როგორც გამოცემა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოქტომბრისთვის დუნაიზე შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირება. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი შავ ზღვაში რუმინეთის პორტებისკენ გადამისამართდება, რის შემდეგაც ტვირთი უკვე სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნება.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ასევე განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტებსაც, მათ შორის უკრაინის პორტებიდან მოძრავი სატვირთო გემების დასაცავად სამხედრო გადაწყვეტილებებს.
ცნობისთვის, ივლისში რუსეთი გამოვიდა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინას აძლევდა უფლებას გადაეტანა თავისი მარცვლეული შავი ზღვის გავლით. კრემლმა თქვა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც უკრაინაში მიემგზავრებოდა, განიხილებოდა, როგორც პოტენციურად იარაღის მატარებელი.
გასულ კვირას უკრაინის საზღვაო ფლოტმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა “დროებითი დერეფნები” სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც მიცურავდნენ უკრაინის პორტებში და უკან. თუმცა, უწყებამ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე და ნაღმების საფრთხე ყველა მარშრუტზე რჩებოდა.