,,სანქციები აშშ-ის რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში,,-პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩო: სანქციებს არ ვაანონსებთ, ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით

ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში – წინასწარ არ ვსაუბრობთ იმ ზომებზე, რომელსაც მივიღებთ, თუ ქართველ ხალხზე ამ სახით თავდასხმა გაგრძელდება, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ეს არასწორი ტრაექტორია შეიცვლება და სამართლიან კალაპოტს დაუბრუნდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სავიზო შეზღუდვებზე პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს თავად ამერიკის გადასაწყვეტია, მაგრამ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ ეს „ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დახურულ კარს მიღმა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ვიმახსოვრებთ. ეს ყველაფერი ილექება და საბოლოოდ, ჩვენს განწყობებს აჩვენებს. სამწუხაროდ, ისტორიულად ასე ხდება, რომ დიდ ქვეყნებს, საქართველოსთან ყველას ერთი და იგივე რამე ეშლება – რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა ფეხქვეშ გაგება და სხვისი მსახურებაა; რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი მეგობრობა, ომში გაყოლა, როდესაც არ გვევალებოდა ავღანეთში ასვლა, ხოლო ვისაც ევალებოდა სახლში იჯდა, თავდახრილი მორჩილებაა ყველაფრის მიმართ. დიდ ქვეყნებს ასეთი შეცდომა ქართველი ხალხის მიმართ ყოველთვის მოსდიოდათ. გავიდა 3 ათასი წელი და ჩვენ აქ ვართ, დიდი ქვეყნები კი საბოლოოდ ხვდებიან ხოლმე, რომ არასწორად იქცევიან საქართველოსთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბოლო, სავიზო შეზღუდვებს, მათი ქვეყანაა, ვისაც უნდათ, შეუშვებენ, ვისაც უნდათ, არა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს და ხანდახან ჩვენც არ ვუშვებთ ხოლმე ჩვენს საზღვარზე, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებს. მათი ქვეყანაა, მათი გადასაწყვეტია. თუ ჩვენთან სტუმრობა მოსწონთ, მაგრამ ჩვენი მასპინძლობა არ უნდათ, ეს სტუმარ-მასპინძლობის ეთიკის მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს.
მაგრამ მეორე საკითხია საფინანსო სანქციები, რომელზეც არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს. განცხადებებია მხოლოდ, ისიც ზოგადი, არცერთი მტკიცებულება. ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ოთხ მოქალაქეს ეხება. როგორც ვერ უნდა იტანდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ამ ოთხ მოქალაქეს და როგორი ანტაგონიზმიც არ უნდა ჰქონდეთ, ხომ მათი საფირმო სლოგანია – „რაც არ უნდა გეთანხმებოდე, შენი უფლებებისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ“. რატომ არ იბრძვიან ამ ოთხი ადამიანის უფლებებისთვის? ასეთი რამ რომ საქართველოში მომხდარიყო, ხომ მსოფლიო სკანდალი იქნებოდა? ადამიანები სასამართლოს, მტკიცებულების წარდგენის, დაცვის უფლების მიცემის, საჯაროობის გარეშე გააქრო რაღაც საფინანსო სისტემიდან – ასეთი რამ რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რას იტყოდნენ სენატორები, ევროპარლამენტის წევრები და რა პანიკა იქნებოდა არასამთავრობო სექტორში, „როგორ, სასამართლო კონტროლის, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე?“. არაფერი მომხდარა საერთოდ ამ გადაწყვეტილების დროს. დახურულ კარს მიღმა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის წარმოდგენის გარეშე. რატომ არიან ჩუმად „ენჯეოები“? იცით რატომ? – იმიტომ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათ აქვთ შიში, რომ თუ ისინი გააკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამართლიანობის ნებისმიერი სტანდარტის დარღვევით, ნულს ქვემოთ სტანდარტით, ამას იტყვიან თავიანთ დამფინანსებელთან დაკავშირებით. შემდეგ შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ: კი, მაგრამ მე თუ მაკრიტიკებ, იქნებ აღარც დაგაფინანსოო. ეს სავალალო მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება დაყვანილია „ენჯეო“ სექტორამდე, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ “ძალიან შეშფოთებული” არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
საელჩომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა.
“ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით აშშ-სა და დასავლეთის მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა [ენტონი] ბლინკენმა განაცხადა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაგრძელდება მთავრობის ქმედებების საპასუხოდ. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი”, – წერია საელჩოს პრესსპიკერის სახელით მიღებულ პასუხში.
20 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ. საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია, 3 ივნისს კი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კახა კალაძემ თქვა, რომ სანქციებს არ ელოდნენ.
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იმავე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა. აშშ ასევე აცხადებს, რომ „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს. იმავე მიზეზით სანქცია უკვე დაუწესდა საქართველოს 30 მოქალაქეს.
17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.