მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციების ახალი, მერვე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მომზადებაზე. მინისტრების საგანგებო სხდომა 21 სექტემბერს, საღამოს გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობის მიზნით იმყოფებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. მისი ინფორმაციით, გადაწყდა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად შემოღება. ბორელი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე იმასაც წერს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სამხედრო ტექნიკით უკრაინის დახმარებას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის ოთხ, ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლირებულ რეგიონში დანიშნეს ე.წ. რეფერენდუმები, რუსეთში კი, 21 სექტემბრიდან გამოცხადდა ნაწილობრივი მობილიზაცია.

რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების შესვლის საკითხზე „რეფერენდუმებს“ 23-27 სექტემბერს ჩაატარებენ.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 22 სექტემბერს გამოქვეყნდა, ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციას და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მრავალრიცხოვანი მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაციით და ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნით კონფრონტაციის გზა აირჩია და ისევ იმუქრება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციები ვრცელდება საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე და მათი ოჯახის წევრებზე, პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებზე და ა.შ. ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტში რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი გაფართოვდება.

ამასთან ბირთვული იარაღით აღჭურვილ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტი შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა, ჩარლზ რიჩარდმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, თემაზე „ამერიკა თავდასხმის ქვეშ – სამშობლოს დაცვა“.

„ყველა ჩვენგანი ამ ოთახში დაბრუნდა კონკურენციის განხილვაში კრიზისისა და შესაძლო პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბირთვული იარაღის მქონე მეტოქესთან. 30 წელზე მეტია, ამის გაკეთება არ დაგვჭირვებია. ამის შედეგები ღრმაა. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული შეკავებისთვის, ისევე, როგორც ჩვენი ეროვნული მიზნების მისაღწევად. და ეს უკვე აღარ არის თეორიული“, – აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

ადმირალ ჩარლს რიჩარდის განცხადებით, თავდაცვის დეპარტამენტის ყოველი გეგმა და შესაძლებლობა ეფუძნება ვარაუდს, რომ სტრატეგიული შეკავება და განსაკუთრებით, ბირთვული შეკავება მოქმედებს.

„რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ, გადაიზარდონ ესკალაცია-ძალადობის ნებისმიერ დონეზე, რომელსაც აირჩევენ ნებისმიერ სფეროში, ძალაუფლების ნებისმიერი ინსტრუმენტით მთელ მსოფლიოში. დიდი ხანია, მსგავსი კონკურენტები და მეტოქეები არ შეგვხვედრია. ამის გამო, დეპარტამენტს მოუწევს ომისადმი მიდგომის შეცვლა. ესკალაციის ნელი, ტრადიციული მიდგომები აღარ მუშაობს. სამშობლოს დასაცავად მებრძოლ მეთაურებს მოუწევთ, სწრაფად იმოქმედონ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ყველა სფეროში: ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, სივრცეში და კიბერსივრცეში“, – თქვა აშშ-ის არმიის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button