სანქციების ნაწილის გაუქმება და NATO-ში უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მიღების გამორიცხვა-ოკუპანტი პრეზიდენტი ომის დასასრულებლად საკუთარი პირობებს აყენებს-
კრემლში სჯერათ, რომ რუსეთს შეუძლია, წლების განმავლობაში გააგრძელოს ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.

პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. “როიტერსის” ინფორმაციით, პუტინს სურს, დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ნატო-ს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.
„პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც „როიტერს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამასთან, როგორც მედიასაშუალების წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება, უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ „მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.
რუსულ მხარეს „როიტერთან“ აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა რუსეთის ხელისუფლება, ჩვეულებრივ, აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა.
„როიტერთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ პუტინი თუ დაინახავს ტაქტიკურ შესაძლებლობას ბრძოლის ველზე, ის უკრაინის შიგნით შეტევას გააგრძელებს. ამასთან, კრემლში სჯერათ, რომ რუსეთს შეუძლია, წლების განმავლობაში გააგრძელოს ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.
კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ ამჟამად პუტინი ნაკლებად არის განწყობილი ტერიტორიულ კომპრომისზე წასასვლელად. „პუტინმა გაამკაცრა თავისი პოზიცია“, – აღნიშნა მან.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჟურნალისტებმა კომენტარისთვის მიმართეს კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსის საჯაროდ განხილვას არ აპირებენ.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს დაასახელა.
საქართველოს და უკრაინას ნატოში ინტეგრაციის მიზანი თავიანთი კონსტიტუციებით აქვთ გამყარებული.
„ქართული ოცნების” მთავრობა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაუარესებული აქვს, ნატოს წევრობის საკითხზე საჯაროდ პრაქტიკულად, აღარ საუბრობს.
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი თანახმაა უკრაინაში ომის დასრულებისთვის, თუ NATO აღმოსავლეთისკენ, კერძოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არ გაფართოვდება და ასევე მოიხსნება სანქციების დიდი ნაწილი.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ამგვარი პირობები აშშ-სთან მოლაპარაკებებისას, პესკოვმა განაცხადა, რომ ხშირად მსგავსი ინფორმაციები “არასწორია ან აშკარა ტყუილია.”
“ამჟამად ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. ხშირად, მათი უმეტესობა სრულიად არასწორი, ყალბი, ან აშკარა ტყუილია. აქ ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, იმის გათვალისწინებით, რომ პოზიციებისა და მიდგომების გაცვლა მიმდინარეობ”, – თქვა მან.
ჟურნალისტებთან საუბრისას პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული მოლაპარაკებები ორმხრივია, შესაბამისად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი ვერ განიხილება.
“როგორ შეგვიძლია განვიხილოთ საქართველო უკრაინასთან მოლაპარაკებებში? ეს არის ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებები”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.
მან ასევე დაამატა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის კრემლი მემორანდუმის თავის ვერსიას მალევე წარადგენს.
დღეს, გამოცემა Reuters-მა, სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი მზადაა უკრაინაში ომის დასრულებისთვის, თუმცა მკაცრი პირობებით — მათ შორის, წერილობითი გარანტიით, რომ დასავლეთი შეწყვეტს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და მოიხსნება სანქციების დიდი ნაწილი.
წყაროთა თქმით, პუტინის მოთხოვნა გულისხმობს დასავლეთის მხრიდან ოფიციალურ უარს ნატოში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე — ანუ სწორედ იმ ქვეყნების, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ისტორიულ გავლენის ზონად მიიჩნევს.