მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ნორვეგია შეუერთდა

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ნორვეგია შეუერთდა.

გარდა ამისა, ნორვეგიამ პერსონალური სანქციები დაუწესა 7 კომპანიას და 30 ადამიანს, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის მოწყობაში მონაწილე პირებს.

საერთო ჯამში, სიაში ახლა 1260 ადამიანი და 115 კომპანიაა. ნორვეგიამ ასევე შეიტანა ცვლილებები კანონში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდა.

ნორვეგიის პორტებში შესვლის აკრძალვა გავრცელდება რუსეთის საზღვაო გადაზიდვების რეესტრში რეგისტრირებულ ყველა გემზე, გარდა სათევზაო გემებისა სამ პორტში – ტრომსოში, კირკენესსა და ბოსტფიორდში.

“ჩვენ ასევე შევქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთის ენერგორესურსებზე ფასების ლიმიტის პოტენციური შემოღებისთვის მომავალში,” – ნათქვამია განცხადებაში.

ოქტომბრის დასაწყისში, ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი.

ამასთან პენტაგონი უკრაინას ახალ, 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ Associated Press-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ დახმარების პაკეტი არ მოიცავს ახალ შეიარაღებას და ის მიმართულია უკრაინისთვის უკვე გაგზავნილი იარაღის სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდებისკენ, მათ შორის HIMARS-თვის, რომლებსაც უკრაინული არმია წარმატებით იყენებს რუსეთის ჯარებზე კონტრშეტევისას.

Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურად დღეს, 28 ოქტომბერს გამოაცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button