საოკუპაციო რეჟიმი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს-ინტენსიურად იბომბება უკრაინის დედაქალაქი

საოკუპაციო რეჟიმი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად იბომბება ქვეყნის 5 ოლქი, მათ შორის კიევი, ხარკოვი და სუმი. არის მსხვერპლი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. საჰაერო იერიშების პარალელურად, რუსეთი ცდილობს ინიციატივა აიღოს ფრონტის ხაზზეც, სადაც პერმანენტული შეტაკებები გრძელდება. დღეს დადასტურდა, რომ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.
კინჯალის რაკეტებისა და ირანული შაჰედის დრონების შემდეგ რუსეთის ხელში დამატებით ახალი საშიში იარაღი, ამჯერად უკვე ჩრდილოეთ კორეის წარმოებული ბალისტიკური რაკეტებია, რომლებიც უკრაინულ ქალაქებს ემუქრება. როგორც უკრაინულმა, ასევე ამერიკულმა ოფიციალურმა წყაროებმა დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ 30 დეკემბერს და 2 იანვარს ხარკოვის დაბომბვის დროს რუსეთის არმიამ სწორედ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული KN-23 ტიპის რაკეტები გამოიყენა. ამ ფონზე, ზელენსკი პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ოკუპანტებმა შაჰედის დრონებით იერიში მიიტანეს მიკოლაევის რეგიონზე. ხანძარი გაჩნდა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საწყობებში. დაზიანდა საბავშვო ბაღი და კულტურის ცენტრი. არიან დაშავებულები.
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს.
მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს.
„ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, – აღნიშნა გუმენიუკმა.
მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიაღწიოს და ამიტომ, საზოგადოებამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 59 საბრძოლო შეტაკება მოხდა. იერიშები იყო ოკუპირებულ ყირიმზეც, სადაც 2 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საახალწლო დღესასწაულების დროს, მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა,რათა მტერს მათი სულისკვეთება გაეტეხა, თუმცა შესაბამისი კომპეტენციის პირები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის დასაცავად.
მისივე თქმით, მათი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უზრუნველყონ.
“ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში, სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განხორციელდა მასიური სარაკეტო დარტყმები, მუდმივი თავდასხმები “შაჰედებით”. აშკარაა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ეს საახალწლო დღესასწაულები, ამ წლის პირველი დღეები ჩვენი სულისკვეთების გასატეხად და შარშანდელი საფრთხის დასაბრუნებლად. ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, უკრაინის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა.
მისივე თქმით, რუსეთის ძალადობაზე ეფექტური პასუხი, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება იქნება.
“ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს. ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის საშინელ ძალადობაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ჩვენი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა უკრაინისთვის”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ამასთან უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე დღეს განცხადებები გაკეთდა როგორც თეთრ სახლში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში, თუმცა სპიკერმა მეთიუ მილერმა ისიც აღნიშნა, რომ სამომავლოდ უკრაინის დაფინანსება იმ დონის ვეღარ იქნება, როგორც ეს 2022-23 წლებში იყო. მიდგომის ცვლილება გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერას, რომ ქვეყანამ თავად გააძლიეროს ინდუსტრია და საჭირო იარაღის წარმოება შეძლოს.
ამერიკის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების საკითხის გადაწყვეტამდე, შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინა სხვა პარტნიორებისგან იღებს. მათ შორის ბოლო სიახლეები გერმანული და ბრიტანული პაკეტების მიღებას ეხება, რაც როგორც საჰაერო თავდაცვის საშუალებების, ასევე არტილერიის და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდებას მოიცავს. ამ პროცესების პარალელურად, ფრონტის მთელ ხაზზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ორივე მხარეს ყოველდღიურად არის როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის დანაკარგები.
2024 წლის პირველივე კვირაში გახმაურებული სიახლეები ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ხანგრძლივი მსვლელობა ექნება. ვლადიმერ პუტინი არმიაში უცხოელ კონტრაქტორებს იწვევს და მათ სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეობას ჰპირდება. დაახლოებით ნახევარი მილიონი სამხედროს დამატებით მობილიზებას გეგმავს უკრაინა. ამავდროულად ქვეყანა გაამკაცრებს ზომებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაში და გაწვევის ასაკის ზედა ზღვარს 25-დან 27 წლამდე გაზრდის. შესაბამისი კანონპროექტები რადაში უკვე წარდგენილია.