მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ 2020 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
მას საოკუპაციო ხაზი საბერიო-ფახულანის გადასასვლელის გავლით გადაკვეთა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს უკანონოდ დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის “დროშის” დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. არსებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ირაკლი ბებუას გათავისუფლებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“მან დაწვა სახელმწიფო დროშა, რაზეც დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მთლიანობაში ის უნდა მჯდარიყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მას ეწურება იზოლატორში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი (ხდება) იმ მუხლის და იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მას სასამართლომ მიუსაჯა”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერ კიუტიმ. როგორც მანამდე წერდა რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა”, ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი. რის გამოც პატიმრობის ვადა, “კანონით”, საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება “ერთი ორს”.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ირაკლის ახლობლების ინფორმაციით, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button