საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს

ცნობილია ის თუ რა თხოვნით ჩავიდა ბრიუსელში უკრაინა – საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს. ტანკების შემდეგ საუბარია მოიერიშე თვითმფრინავებზე.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებმაც Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მზადება დაიწყეს ან შესაბამისი ვალდებულება აიღეს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, აცხადებს, რომ გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები უკრაინას ლეოპარდის ტანკებს მიაწოდებენ.
“უკრაინას აქვს გადაუდებელი მოთხოვნები, რათა ამ გადაწყვეტ მომენტში სიტუაციასთან გამკლავება შეძლოს. გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები უკრაინას მიაწოდებენ ლეოპარდის ტანკებს. აშშ, გერმანია, ნიდერლანდები უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნიან. საფრანგეთი და იტალია კი “ესემფთის” საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ .უკრაინის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე რამდენიმე ქვეყანა მუშაობს. არცერთ ჩვენგანს არ სურს იცხოვროს სამყაროში, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ თავდასხმა თავიანთ მშვიდობიან მეზობლებზე, არღვევენ მათ საზღვრებს და ბომბავენ მათ ხალხს. ასე რომ, ჩვენ გავერთიანდით, რათა მხარი დავუჭიროთ სამყაროს, სადაც წესები მნიშვნელოვანია, სადაც პატივს სცემენ სუვერენიტეტს და სადაც სამოქალაქო პირები დაცულნი არიან,” – აღნიშნა ოსტინმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, რუსეთის სურვილი, დაიბრუნოს ინიციატივა დონბასში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას გამოიწვევს.
“დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის მზარდ შეტევას. რუსეთს სურს დაიბრუნოს ინიციატივა დონბასში და ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ ჯავშანტექნიკის შესაძლებლობების პაკეტით. არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ეს გამოიწვევს საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. საგაზაფხულო პაკეტი გზაშია. ვფიქრობ, ყველას ესმოდა, რომ საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ დისკუსია. ყველამ იცის, რომ მხოლოდ ფრენის მომზადებას რამდენიმე თვე სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იარაღის სისტემების გამოყენების აუცილებელ წვრთნაზე,” – აცხადებს პისტორიუსი.
რამშტაინის რიგით მეცხრე შეხვედრა დასრულებულია. მიაღწიეს თუ არა თავდაცვის მინისტრებმა კონკრეტულ შედეგებს ლოიდ ოსტინის ბრიფინგზე გახდება ცნობილი. შტატების თავდაცვის მდივნის მედიასთან შეხვედრა მოგვიანებით არის დანიშნული.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მოკავშირეების ერთგულება დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის იდეისადმი.
“ერთ წელზე მეტი ხნის წინ პუტინი ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯარები დაიკავებდნენ კიევს და დაამხობდნენ უკრაინის დემოკრატიულ მთავრობას. მას ეგონა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას უბრალოდ შეეგუებოდა.” – თქვა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, პუტინის უკრაინაში შეჭრა გახდა “გრძელვადიანი გამოცდა მთელი მსოფლიოსთვის.”
ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას 50 მილიარდი დოლარით დაეხმარნენ, მაგრამ “გასაკეთებელი კიდე ბევრია.”
“კრემლი ჯერ კიდევ დებს ფსონს, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა დროთა განმავლობაში შემცირდება, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით.” – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, დაპირისპირებაში რუსულ ავტოკრატიასთან, NATO-მ მხარი მსოფლიოს უნდა დაუჭიროს, სადაც “წესებს მნიშვნელობა აქვთ.”
შეერთებული შტატები, ჩეხეთი და ნიდერლანდები უკრაინას ერთობლივად გადასცემენ 90-ზე მეტ T-72 ტიპის ტანკს.
უკრაინისთვის T-72 ტანკების გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმაც. ბრიტანეთი კი, ქვეყანას Challenger-ის ტანკებს გადასცემს.
ნორვეგია უკრაინას 8 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს და ოთხ დამხმარე მანქანას გაუგზავნის, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა ნორვეგიულ მედიასთან გააკეთა.
გრამის თქმით, დამატებით 250 მილიონ ნორვეგიული კრონის (24,8 მილიონი დოლარის) ოდენობის თანხა გამოიყოფა Leopard 2-ის ტანკების სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალებისთვის. თანხა ევროკავშირის უკრაინის ფონდიდან, “ევროპული მშვიდობის ფონდიდან” გამოიყოფა.
“ნორვეგია რვა ტანკს და ოთხ დამხმარე მანქანას გააგზავნის უკრაინაში. ჩვენ გამოვყოფთ დამატებით სახსრებს, საბრძოლო მასალებისთვისა და სათადარიგო ნაწილებისთვის”, – თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, უკრაინაში ომი ახლა კრიტიკულ ფაზას უახლოვდება და მათ დასავლელი პარტნიორების ძლიერი დახმარება სჭირდებათ.
“მათ ახლა ძლიერი დახმარების ხელი სჭირდებათ…ჩვენ ასევე, წვლილს შევიტანთ უკრაინული სატანკო ეკიპაჟების ტრენინგსა და მომზადებაში, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად”, – განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.
ავსტრია უარს ამბობს, გაწვრთნას უკრაინელი სამხედროები”ლეოპარდ 2-ის” ტანკებზე, ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტეინის ფორმატი, არის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.
ჯგუფის მუშაობაში 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს – NATO-ს ქვეყნები (30 ქვეყანა), ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა და მათი მოკავშირეები აფრიკიდან და აზიიდან.