საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები მძიმე ტექნიკის, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით განაგრძობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, მოწინააღმდეგემ ტანკებით, არტილერიით და ავიაციით იერიში მიიტანა ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების 15-მდე დასახლებულ პუნქტზე.
გენშტაბის ცნობითვე, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა დაცხრილეს 5 დასახლებული პუნქტი და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სცადეს უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაზვერვა, თუმცა, დასახლებულ პუნქტ დოლინასთან დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა შეაჩერეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლადაც.
საომარი მოქმედებების პირობებში, ოფიციალური ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.
ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.
„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. დიდმა და საშინელმა HIMARS-მა გაანადგურა თითქმის ყველა დიდი ხიდი (ანტონოვსკის რკინიგზა, გზა და ნოვოკახოვკა). დარჩა მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. რუსეთის არმია მოწყვეტილია იარაღის მიწოდების არხებს ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია” აცხადებენ ოპერატიულ დაჯგუფება “კახოვკაში“.
ხერსონთან დაკავშირებით, მცირე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც.
„წინ ჩვენი ხერსონია“, – წერს ერმაკი.
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემებით თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს და მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებია დარჩენილი, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი „კახოვკა“ იუწყება.
მათივე მტკიცებით, რუსეთის არმიას ყირიმის ტერიტორიიდან იარაღის გადატანისა და პერსონალის გადაყვანის შესაძლებლობა მოესპო.
„უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია“, – აცხადებენ ოპერატიულ ჯგუფში.
ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ტერიტორიიდან გარბიან. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევშიც. ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს და რუსულ პოზიციებს ტანკების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ.