მნიშვნელოვანისიახლეები

საომარი მოქმედებების გადმოტანა ოკუპირებულ აფხაზეთში-ოპოზიცია ბაზის მშენებლობას აკრიტიკებს

ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა ოკუპირებულ აფხაზეთში – აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრო ჯაფარიძე ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ე.წ. პრეზიდენტის, ბჟანიას განცხადებაზე. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ბაზის განთავსების შემთხვევაში, რუსული გემები აღმოჩნდებიან უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეები. ჯაფარიძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ ომში ჩათრევის მცდელობას:
“ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს, აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში და ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში მოვუწოდებ, რომ წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას მთლიანობაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ვინმე მშვიდობას საფრთხეს უქმნის ამ რეგიონში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები” განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მაშინ, როცა “ქართული ოცნების” ხელისუფლება გამუდმებით თავს ესხმის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ამ ფონზე არავის გაუკეთებია განცხადება, ოკუპანტი ქვეყნისა და საოკუპაციო რეჟიმის “შეთანხმებაზე”.

მე მინდა ივანიშვილ – ღარიბაშვილ – კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა – რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა “კუდის ქიცინმა” რუსეთის ფედერაციასთან?! – რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” ლავროვის ოჯახის წევრებს საქართველოში “პურ-მარილს უშლის” და დუმს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის განლაგების საკითხზე.
“უმძიმესი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული საფრთხის შემცველი ინფორმაცია გახდა დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი – ოჩამჩირეში რუსეთი აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას, ამ ფონზე სრული დუმილია “ქართულ ოცნებაში.” მინდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის დაჯგუფებას მივამართო – რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან. ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე – ამაზეც დუმხართ და ეროვნული ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებთ. ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მობილიზებული, ამ ინფორმაციით აჭრელებულია ახლა საერთაშორისო მედია, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის საკომენტარო თემა, მთავრობაში უნდა გყავდეთ ადამიანები, ვინც პატრიოტები არიან. ლავროვს რომ ტაშ-ფანდურს უმართავთ და პურ-მარილს უშლით აქ მის ოჯახის წევრებს, პასუხი გაგცეს ახლა ამასთან დაკავშირებით. კითხვას ვუსვამ კობახიძეს, სამი დღეა ოროსანი ბავშვივით რომ ჩამოჯდა იქ, საკონსტიტუციო სასამართლოში, რას აკეთებ, გეკითხები, ეგაა შენი ფუნქცია, რომ იქ ზიხარ და სისულელეებზე საუბრობ, ივანიშვილმა მიგითითა, რომ ეგ როლი ითამაშო და უფლება არ გაქვს, გამოხვიდე იმ დარბაზიდან. ასე გატარებას აპირებთ ამის? ეროვნული ინტერესებია უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, თქვენ რას პასუხობთ ანექსიის პროცესს? ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზა არის ევროკავშირი, ის ევროკავშირი, რომლის კანდიდატის სტატუსზეც პრემიერ-მინისტრი ამბობს, სიმბოლური დატვირთვა აქვსო, თქვენ ფარცხალაძის მცველები პასუხს იღებთ ახლა – რუსეთის აგენტი ფარცხალაძის დაცვის შემდეგ, აგერ სამხედრო ბაზის გახსნასაც მოგთხოვენ, ეგ არის თქვენი სახე. ახლა მთავარი კითხვაა რატომ ბედავს რუსეთი ამას? – იმიტომ, რომ მისი მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისში და არა მხოლოდ აფხაზეთში,”-განაცხადა ვაშაძემ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება “ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე” მეტყველებს.
“რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე.
საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირება მოახდინოს, ან თუნდაც შეიმჩნიოს მოსკოვის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ.
ამის ნაცვლად, ოცნება’ დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას”, – აცხადებს გახარია.

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა „რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული“.
„გუშინ გაცხადდა რუსეთის ფედერაციის მორიგი მზაკვრული და აგრესიული ნაბიჯი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა აშენდება. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა. ეს ბაზა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სევასტოპოლში და ნოვოროსისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. ეს გემები ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებსაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უშენენ. შესაბამისად, ეს გემები უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ამ მცდელობას წინ აღუდგნენ, რამდენად ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს რუსეთის ფედერაციაა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები.
ცხადია ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადმოტანის პირდაპირი მცდელობაა, „ქართული ოცნების“ და მისი სპიკერების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაგვიგია, რომლებიც ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს მუდმივად ესხმიან თავს, USAID-ს რაღაც გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ დროს ჩვენთვის საფრთხის შემცველი ასეთი ნაბიჯი იგეგმება, ამის თაობაზე ღიად ცხადდება და ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს, ვერც ერთ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას შეაჩერებს. რუსეთის ფედერაციის დღევანდელი უახლოესი პარტნიორი სამწუხაროდ „ქართული ოცნებაა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება – აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს,- ამის შესახებ პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.
უგულავას თქმით, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას და ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია.
„რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ. ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება. აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს.
ამასთანავე, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას, ბალტიის ზღვის მსგავსად. ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია. საქართველოს გამთლიანების შანსი უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ არც ეგეთ შემთხვევაში დაგვეცემა თავზე საჩუქარი. „რა უნდა ამერიკულ გემს შავ ზღვაში“ – გვამცნო თავის დროზე ბიძინამ. ივანიშვილმა ყველაზე საზიზღარი, რაც ქართველ ხალხს დამართა ისაა, რომ მთელი ქვეყანა ნაცარქექიად აქცია“, – წერს უგულავა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქართული ოცნების რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის შედეგია.
“საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არჩეული აქვს კაპიტულაცია რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამაში რუსეთთან, კეკლუცობა რუსეთთან და რუსეთის გავლენების გაზრდა საქართველოში, სწორედ ხდებოდა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მოხდეს და მათ შორის ეს გულისხმობს ბაზების გაფართოებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებას”, – ამბობს დეკანოიძე.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button