მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო დღეს გამოაქვეყნებს

დღეს, 3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.

31 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის და 21 ნოემბერს, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში გამართული მეორე ტურის შედეგად, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი ეყოლება.

150-წევრიან პარლამენტში, პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:
ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი;
„ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;„ლელო“ 4 მანდატი;„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;„გირჩი“ 4 მანდატი;„მოქალაქეები“ 2 მანდატი;„ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ახალი არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავს.

შექმნილი კრიზისის გამო, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღემდე გამართული მოლაპარაკების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.
არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button