მნიშვნელოვანისიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევას აპირებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია – დღეს ის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მომდევნო კვირაში კი პლენარულ სხდომაზე მას დაძლევენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს დადებით ჩაკეტა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაძლო დისკუსიების სივრცე.

“ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ აისახოს ეს კანონში და ვხედავდით ჩვენ მზაობას ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისგან და სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. […] არ ვიცი საიდან რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში ჩაკეტა წინსწრებით სალომე ზურაბიშვილმა. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან კვლავ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ პრეზიდენტი “კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა”.

“ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ და ის კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია, დასცინის ქართველ ხალხს 1 დღიანი კანონი უნდა მივიღოთო, ეს ხომ დაცინვაა ქართველი ხალხის. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. […] ეს კანონი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია და ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ამ კანონის ქართულობას”, – თქვა მან.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი კენჭს უყრის მოტივირებულ შენიშვნებს, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს) და მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის, კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემა არის საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე), იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს). ამის შემდეგ პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს კანონპროექტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ზურაბიშვილის ვეტო ბიუროს დღეს წარედგინა.
პრეზიდენტმა კანონს ვეტო შაბათს, 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button