საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს
საპატრიარქომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, ტყის ახალი კოდექსის დამტკიცებამდე მოითხოვა. ტერიტორიის საერთო ფართობი სამ ჰექტარზე მეტია.
ბორჯომში, სოფელ მიტარბში 12 921 კვ.მ. ტერიტორიის დაკანონებისთვის, რომელიც მთლიანად ტყითაა დაფარული, საპატრიარქომ საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა. პირველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან საპატრიარქოს არასრულად ჰქონდა წარდგენილი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები. მეორე განცხადებით, საპატრიარქომ საჯარო რეესტრს 2020 წლის 21 თებერვალს მიმართა, რასაც უწყება ამ დრომდე განიხილავს.
კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც სახელმწიფო ტყის მასივშია მოქცეული და რომლის რეგისტრაციასაც საპატრიარქო ითხოვს, ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან მდებარეობს. ამ შემთხვევაში, საპატრიარქო უკვე არსებული 11 116 კვ. მ. ტერიტორიის 13 115 კვ.მ.–მდე გაფართოებას ითხოვს.
ეკლესია მიწის დარეგისტრირებას ითხოვს დაბა ბაკურიანშიც. აღნიშნული ტერიტორია, რეესტრის მიხედვით, რეკრეაციული ზონის მიმდებარედაა. 2 525 კვ. მეტრის დაკანონებისთვის, განცხადება საპატრიარქომ პირველად იანვარში შეიტანა, რაზეც რეესტრმა, არასრული დოკუმენტების წარდგენის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. მეორედ, ეკლესიამ რეესტრს 21 თებერვალს მიმართა, იმავე ფართობის დაკანონების მოთხოვნით.
კანონით, მიწის რეგისტრაციისას განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად, საჯარო რეესტრს უნდა წარედგინოს ნახაზები და იდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გასცემს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საპატრიარქოს მიერ მოთხოვნილ მიწებთან დაკავშირებით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან მუნიციპალიტეტს ჯერ არ დაუდგენია, ვისი მოვალეობაა მიწების იდენტურობის დადგენის საკითხი.
„სოფლის რწმუნებულებს აღარ აქვთ უფლება-მოვალეობა დაადასტურონ მიწების იდენტურობა, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა არაფერი ხდება. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი და ვის დაევალება მიწების იდენტურობის დადგენა. ამიტომ, საპატრიარქოსთან დაკავშირებით, ჯერ არ ყოფილა არანაირი განხილვა”. – განაცხადა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ახალი კანონის მიღების შემდეგ, რომელიც საპატრიარქოს 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონების უფლებას აძლევს, შეიძლება, წარდგენილი განცხადებები რეგისტრაციის შესახებ, უკან გაიხმონ და პროცედურა ხელახლა დაიწყოს.
„ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ახლებურად იქნება ეს ყველაფერი შეფასებული და განსაზღვრული. რთულია ახლა თქმა, როგორი წესით მოხდება განხილვა. შეიძლება, შეიცვალოს ფორმა, ახლა ამის პროგნოზირება რთულია. ზედმეტად ბევრი ნიუანსია და დიდი ნაწილი ამ ყველაფრის თავად ეპარქიების გადასაწყვეტია. კონკრეტულად ბორჯომის მიწებთან დაკავშირებით, ჯობია, რომ ბორჯომის ეპარქიას დაუკავშირდეთ”. – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
„სამხრეთის კარიბჭემ“ ბორჯომის ეპარქიასთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა ეპისკოპოსმა ლაზარემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ტყის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირება შეუძლია, საქართველოს პარლამენტმა მხარი 22 მაისს დაუჭირა. ახალი “ტყის კოდექსით”, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე შეუძლია დაიკანონოს.