საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს იმ შემთხვევაში თუ აქციამ პოლიტიკური სახე მიიღო არ მიიღონ მონაწილეობა
საპატრიარქო ხატზე საღებავის შესხმას "ეკლესიის დარბევის ერთგვარ სახეს" უწოდებს

პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.
„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.
სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იოსებ სტალინი გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და მმართველი გუნდის მიერ კანონის გამკაცრების დაანონსებას მიესალმება.
საპატრიარქო ხატზე საღებავის შესხმას “ეკლესიის დარბევის ერთგვარ სახეს” უწოდებს და ამბობს, რომ ეს “ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას” იმეორებს. აქვე აღნიშნავენ, რომ მისი “სათანადოდ” არშეფასება “სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის”
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.
ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.
სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.
იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.
ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას – მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ საპატრიარქომ განცხადება 11 იანვარსაც გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, “აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა”.
ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.