მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატრიარქოს სამშენებლო ბიზნესი

საპატრიარქო სამშენებლო ბიზნესში შევიდა.

ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

2016 წელს დედაქალაქის იმჟამინდელ მერს, დავით ნარმანიას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მიმართა, რომ ბერი გაბრიელის უბანში, ამავე ბერის სახელობის ტაძრის ასაშენებლად ძველი საქვაბის ტერიტორია, თითქმის 6 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საპატრიარქოსთვის გადაეცათ. მოთხოვნას იაკობმა თან დაურთო იმ ეკლესიის ესკიზი, რომელიც ერთ ლარად მიღებულ მიწაზე უნდა აეგოთ.

მერიამ საპატრიარქოს წინასაარჩევნო პერიოდში მიწა გადასცა, პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოიწონა და წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ნებართვა გასცა. წლების განმავლობაში, ისანში, წულაძის 23 ნომერში იდგა შესაწირიც, სადაც გარკვევით ეწერა, რომ აქ აშენდება ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი.

საპატრიარქომ ნაჩუქარ მიწაზე მერიას კიდევ ერთხელ, ისევ წინასაარჩევნოდ, ამჯერად უფრო მასშტაბური პროექტითა და მოთხოვნით მიმართა. ახალი გეგმის მიხედვით, ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი დაპატარავდა და მის უკან მრავალბინიანი კორპუსები ამოიზარდა. მერიამ იდეა კიდევ ერთხელ მოიწონა და ამჯერად, კახა კალაძემ გასცა მშენებლობის წინა ნებართვა, რომ საპატრიარქომ მოამზადოს პროექტი და არქიტექტურის სამსახურს განსახილველად წარუდგინოს.

დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ავლაბარში მთავარანგელოზის ქუჩაზე ძველ ეკლესიაში მცხოვრები 25 ოჯახისთვის, საერთო ჯამში, კორპუსებში 250 ბინა და 1500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი განთავსდება, პროექტი 8 მილიონი ლარი ჯდება და მოგება, სავარაუდოდ, 16 მილიონია.

საპატრიარქოს მიერ მერიის სამსახურისთვის წარდგენილი გეგმით, 2 კორპუსში სულ 129 ბინა მოეწყობა და 711 მოსახლეზე იქნება გათვლილი, თუმცა “ფორმულას” ინფორმაციით, უფრო მეტ, 200-ზე მეტ ბინაზეა საუბარი. საპატრიარქოს მერიის სამსახურში ასევე წარდგენილი აქვს 25 მოქალაქის სია, რომლებიც ამჟამად, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ცხოვრობენ.

“ფორმულა” ავლაბარში, ძველ ეკლესიაში მცხოვრებლებს ესაუბრა. გაირკვა, რომ აქ მცხოვრები ოჯახების ნაწილთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არის მიღწეული, თუმცა საპატრიარქომ მიწა უკვე შემოღობა და ამ ხალხისთვის ასაშენებელი ბინებისთვის მზადება დაიწყო.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა კითხვაზე, რა ბედი ეწევა დანარჩენ ბინებს, რომლებიც ტაძრებში მცხოვრებ მოქალაქეებს არ გადაეცემათ, პასუხობს, რომ მშენებლობის დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მისი თქმით, საპატრიარქოს მიზანია, რომ ავლაბრის ძველ ეკლესიაში მცხოვრები მოქალაქეები ბინებით უზრუნველყოს. დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება შედგება იმ კომპანიასთან, რომელიც კორპუსებს ააშენებს.

“ეკლესია კორპუსებს არ აშენებს. მოხდება შეთანხმება [მშენებელ] კომპანიასთან, რომელიც ჩვენს ძირითად პირობებს და კანონით დადგენილი წესით და საბაზრო მდგომარეობით, რა იქნება მისთვის ხელსაყრელი, რომ ეს ჩვენი პირობები დააკმაყოფილოს… ამაზე შემდგომში მოხდება მოლაპარაკება [მშენებელ კომპანიასთან].

“…ზუსტად ვიცით, რომ მთლიანად დავაკმაყოფილებთ იმ 25 ოჯახს.” – ამბობს ის.

მოისმინეთ ჟურნალისტის და ედიშერ ქარჩავას საუბარი.

საპატრიარქოს დაქირავებულმა უსახელო კომპანიამ უკვე დაანგრია ძველი საქვაბე. ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენი, ტერიტორია კი, შემოღობეს.

მერიამ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას მხარი დაუჭირა, თუმცა მასზე გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საბოლოო ნებართვა ჯერ არ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button