მნიშვნელოვანისაქართველო

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

დღეს მოვლენათა ეპიცენტრი საპატრიარქოა. საპატრიარქოში, სადაც 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო, რკინის ჯებირები მიიტანეს. აღნიშნული ბარიერები საპატრიარქოს ეზოს შესასვლელთან განათავსეს.

მეუფე იაკობის ბრალდებები, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება – ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს სინოდი მსჯელობს.
წმინდა სინოდის სხდომას ყველა წევრი ვერ ესწრება, მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება, ნაწილს კი შეხვედრები აქვს ჩანიშნული. სინოდს ვერ დაესწრება ერთ-ერთი გავლენიანი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს.

გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, ილია მეორის მიერ პატრიარქის ტახტის შესაძლო დატოვებაზეც, თუმცა ამ ინფორმაციას საპატრიარქო არ უდასტურებს.
გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც.
აღსანიშნავია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო წელს პირველად, 10-თვიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა. ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას საეკლესიო სასამართლო.

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ აკონკრეტებს, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, სინოდზე განხილულ საკითხებზე შედარებით ვრცლად სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button