მნიშვნელოვანისიახლეები

საპენსიო სესხების განულება პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება-,,ენმ,,-წინასაარჩევნო ღონისძიება გამართა

“კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში” – ამ სახელწოდებით “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო ღონისძიება გამართა, სადაც ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ იმ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმებით გაატარებენ:
“ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რომლის წინაშეც საქართველო დგას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში, აირჩევენ ევროპულ პენსიებს ნაცვლად იმ მძიმე მდგომარეობისა, როდესაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საბანკო კაბალური სესხები, როდესაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე 4-ჯერ მეტს იხდის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მშობლების თაობა, ამიტომ ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს და ასევე გავზრდით პენსიებს. პენსიონერებისთვის ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ პენსია მინიმუმ 1000 ლარს შეადგენდეს.
რა გვინდა? გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, გვინდა ევროპული, ამერიკული ინვესტიციები ევროპული ხელფასები და მდგომარეობა, როდესაც თითქმის 500 ათასი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, რადგან შეუძლებელია ვთქვათ, რომ ადამიანი არის დასაქმებული, როდესაც შემოსავალი 300 ლარსაც კი არ აღემატება.
დიახ, ეს არის ის მძიმე მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე უმრავლესობა ებრძვის, როდესაც ოჯახებისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ემიგრანტებს საქართველოში და ამისთვის შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად. ” განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ახალი კოალიციური მთავრობა, აუცილებლად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
“ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ეს არის ჩვენი თაობის ისტორიული მისია, რომელსაც გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში. ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით მოვიპოვებთ ევროპულ კეთილდღეობას, ეს არის ის არჩევანო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა სიღატაკისა და იზოლაციისკენ. თვითონ კარგად იყოს და ჭირსაც წაუღია ხალხის გაჭირვება, პრობლემები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, სიღატაკესა და იზოლაციაში ყოფნა უნდა თუ ევროკავშირში არსებული კეთილდღეობა.
„ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. სწორედ მათი პოლიტიკის გამო, დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ეს არის გზა საქართველოს იზოლაციისკენ“,-განაცხადა ვაშაძემ.
მან აღნიშნა, რომ სწორედ ხელისუფლება იყენებს წინასაარჩევნოდ ზიზღის ენას.
„კოლბებში გამოკეტილი მაღალი სცენიდან ხალხს ელაპარაკებიან და ილანძღებიან, ეს არის ზიზღის ენა. ჩვენთან ზიზღის ენა რა არის? გვინდა, რომ მოგცეთ ევროკავშირის პასპორტი, გვინდა დაგასაქმოთ, თქვენი ხელფასი 2-ჯერ გაიზარდოს, ინვესტიციები შემოვიტანოთ, აშშ-ში უვიზოდ ვიაროთ, ეს არის ზიზღის ენა?! ზიზღის ენა არის მათი რიტორიკა, რაც აქვთ. გვემუქრებიან, იბოღმებიან. რას ემუქრებიან ხალხს, მართლა მაინტერესებს“,-განაცხადა ვაშაძემ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
ლაშა ბაქრაძის თქმით, არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს – კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა. ამისი სრული გარანტია გვაქვს, რომ იზოლაციაში იქნება ეს ხელისუფლება, რადგან არც ერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.
ამიტომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.
ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, მე ვიტყოდი შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის.
ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს, რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის, ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ კეთილდღეობისკენ ევროპაში , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს, უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, თუ არა.
“26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში. დღევანდელი ხელისუფლება არ გვპირდება არაფერს გარდა მტრობისა, შუღლისა და დაპირისპირებისა. დაპირისპირებითა და შუღლით ქვეყანა არ შენდება, მხოლოდ ინგრევა. ინგრევა როგორც სახელმწიფო, ასევე ადამიანური ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს, ერთიანობით უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა, გვინდა თანამშრომლობა, გვინდა მეტი სამუშაო ადგილი, მეტი სიტყვის თავისუფლება, მეტი თავისუფალი სივრცე თუ არა. ჩვენი შეხვედრები თქვენთან ადასტურებს, რომ თქვენ მოგბეზრდათ სიღატაკეში ცხოვრება, მოგბეზრდათ დაპირისპირება, გინდათ წინსვლა საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის. ამიტომ არ დავიზაროთ და 26 ოქტომბერს, ერთი გაფერადებით წავიდეთ მარჯვნივ – კეთილდღეობით ევროპაში”,-განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button