საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს. საკითხს საბოლოოდ კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო. მან პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში ის მიუთითებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება დაჩქარებული წესით, განხილვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღონ. ის ამბობს, რომ ფორმა, როგორც და როდესაც იქნა განხილული და მიღებული ეს კანონი, მიუღებელი და დაუშვებელია.
ასევე, მოტივირებულ შენიშვნებში ის ამბობს, რომ სამართლიან კრიტიკას იმსახურებს კანონის შინაარსი და ცვლილებებით იქმნება გაუმართლებელი არათანაბარი, დისკრიმინაციული გარემო. ის აცხადებს, რომ ცვლილებებმა დარგის არაერთი ექსპერტის და სპეციალისტის სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.
მოტივირებულ შენიშვნებში მას მოყვანილი ჰყავს დარგის ექსპერტების შეფასება, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რამე თუ გამჭვირვალობა და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირში ბიზნესის წარმოების სავალდებულო მოთხოვნაა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებებით ინვესტორებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება. ოფშორებიდან ბიზნესის გადმოტანის გარდა, საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ფიზიკურ პირთა საგადასახადო ამნისტიას არ ეხება.
პროცედურის მიხედვით, კომიტეტის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მისი ჩაგდების შემთხვევაში, სამი მოსმენით მიღებულ „ოფშორების კანონს“ კიდევ ერთხელ მისცემენ ხმას და მისი მიღება (არანაკლებ 76 მომხრე არის საჭირო) ვეტოს დაძლევას ნიშნავს.
შეგახსენებთ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოფშორებში 20 კომპანიას ფლობდა, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 2021 წელს მომზადებული კვლევა. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ასევე შიშობენ, რომ ოფშორული კომპანიებისთვის გაუქმებული გადასახადებით „ფულის გათეთრების” რისკი იზრდება.
ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.
მარტივად რომ ვთქვათ, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამას გარდა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს, მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:
ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.