საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას დაეხმარებიან
"რუსეთის ომმა მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშ დააყენა"-მიშელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწეევაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა მას ომსა და ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში დაეხმარონ.
“ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში მოვლენათა სვლა მთლიანად შეიცვალოს”, – განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ პრესსპიკერმა.
ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს შეხვედრა.
პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინისადმი მიდინარე სამხედრო მხარდაჭერა და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ეს სამუშაო.
ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი მცდელობა ახლა მხოლოდ გრძელვადიან არასტაბილურობას გამოიწვევს და პუტინს მისცემს უფლებას, რომ სამუდამოდ მანიპულირება მოახდინოს როგორც სუვერენული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ბაზრების.
გარდა ამისა, ლიდერები შეთანხმდნენ გააგრძელონ და გააღრმავონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბავარიაში იმართება, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ “რუსეთის ომმა მთელი მსოფლიო საფრთხის ქვეშ დააყენა”. მან საკვებისა და ნავთობის მარაგებზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
შარლ მიშელის თქმით, დიდ შვიდეულს და ევროკავშირს უკრაინის მხარდასაჭერად ურყევი ერთიანობა აქვთ.
“ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. მზად ვართ, გავაძლიეროთ მხარდაჭერა და დავეხმაროთ მას აღდგენაში”. – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შარლ მიშელის განცხადებით, ომი ასევე ახდენს ევროკავშირს ფორმირებას – მან აღნიშნა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
“ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ. მსოფლიო გვიყურებს და ელოდება, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი”. – განაცხადა მან.
ამასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება G7-ის ქვეყნებს კიევის დაბომბვაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ამ შვიდი წლის, უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა მანამ, სანამ რუსულმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქა. რუსეთს G7-ის სამიტმა უნდა უპასუხოს კიდევ უფრო დიდი სანქციებით და უკრაინის მძიმე შეიარაღებით. იმპერიალიზმით დაავადებული რუსეთი უნდა დავამარცხოთ!” – წერს კულება Twitter-ზე.