მნიშვნელოვანისიახლეები

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თავად „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მმართველი პარტიის ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა.

მათივე განმარტებით, საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება.

„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი.

„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულმა ოცნებამ“ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ასევე, საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია განთავსდა ელისეის სასახლის ვებგვერდზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button