
საფრანგეთში, რამდენიმე დღის წინ უცნაური ინციდენტი მოხდა, რომელშიც პოლიციელები მონაწილეობდნენ. 25 აგვისტოს, პოლიციელების ქმედების გამო ბოდიში მოიხადა შს მინისტრმა. ჟერალდ დერმანენმა 20 აგვისტოს, პოლიციელების მიერ დადანაშაულებული ქალები დაიცვა და პოლიციის ქმედებაზე წუხილი გამოთქვა. კერძოდ, ორმა პოლიციელმა პლაჟზე წელსზემოთ შიშველ ქალებს ჩაცმა მოსთხოვეს, რაც შემდეგ პოლემიკის მიზეზი გახდა.

„უსაფუძვლოა ქალების დადანაშაულება პლაჟზე მათი ჩაცმულობის გამო. თავისუფლება – ფასდაუდებელი სიკეთეა. ნორმალურია, ადმინისტრაცია თავის შეცდომებს რომ აღიარებს“, – დაწერა დერმანენმა ტვიტერზე.
სენტ-მარი-ლა-მერის პლაჟზე მყოფ წელზემოთ შიშველ რამდენიმე ქალს ორმა პოლიციელმა – ქალმა და კაცმა – შიშველი მკერდის დაფარვა სთხოვა. აღმოსავლეთ პირენეის ჟანდარმერიის პრესრელიზის თანახმად, პოლიციის ოფიცრებს პლაჟზე ბავშვებთან ერთად მყოფმა ოჯახმა მიმართა, რომ შეცბუნებულები არიან წელზემოთ შიშველი ქალების პლაჟზე ხილვით.
ინციდენტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, აღმოსავლეთ პირენეის ჟანდარმერიას თავის მართლება არ უცდია და თანამშრომლების გადაცდომა აღიარა.
ზნეობრივი ნორმების ევოლუციის და პლაჟებზე წელზემოთ შიშვლად მყოფთა გახშირებული რაოდენობის გამო პლაჟზე წელზემოთ შიშველ მდგომარეობაში ყოფნა საფრანგეთში აღარაა მიჩნეული სექსუალურობის გამომწვევ დემონსტრირებად და სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც ამის გამო სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა, რიგ შემთხვევაში, მუნიციპალური დეკრეტებით იკრძალება გარკვეული სამოსით პლაჟებზე გასვლა. მაგალითად, პარიზის პლაჟებზე სტრინგით ან მონიკონით გასვლა უხამსობად მიიჩნევა და 38 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.
სენტ-მარი-ლა-მერში ასეთი შეზღუდვა არ არის დაწესებული. აქედან გამომდინარე, ქალებს პლაჟზე წელზემოთ შიშვლად ყოფნის სრული უფლება ჰქონდათ.