საფრანგეთში ლეონარდო და ვინჩის ნახატი აღმოჩინეს
პარიზში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ესკიზი შემთხვევით აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, – გვაცნობებს Telegraph.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ფრანგმა ექიმმა, რომელიც ამჟამად პენსიაზე იმყოფება, Tajan-ის აუქციონის სახლში შესაფასებლად ნახატების დასტა მიიტანა. როგორც მან განაცხადა, ნახატები მამამისს ეკუთვნოდა, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში ცხოვრობდა.
Tajan-ის თანამშრომლები 15 ნამუშევარში ხეზე მიბმული წმინდა სებასტიანის გამოსახულებით დაინტერესდნენ. როგორც ექსპერტებმა მოგვიანებით დაადგინეს, ტუშით შესრულებული ესკიზი ლეონარდო და ვინჩის კალამს ეკუთვნოდა. ნახატი სავარაუდოდ 1482-1485 წლებშია შექმნილი.
პენსიონერის თქმით, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მრავალი წლის მანძილზე ასეთი რარიტეტული შედევრი ინახებოდა.