საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში პარტია “ნაციონალური ფრონტი” ლიდერობს
საფრანგეთში, ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში, პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა და მისმა 25 წლის ნათესავმა მარიონ მარეშალმა ხმების 29,8% დააგროვეს და პარტიის წინა წლების რეკორდი მოხსნეს. როგორც ცნობილია, მარინ ლე პენი ეკონომიკურად დეპრესირებულ, ჩრდილოეთის რეგიონ ნორ-პა-დე-კალე-პიკარდში ბალოტირებდა.
ადგილობრივ არჩევნებში მეორე ადგილზე კონსერვატორების პარტია “რესპუბლიკელები” გავიდა, რომლის ლიდერიც საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია. Reuters-ის ინფორმაციით, მან ხმების 27% დააგროვა. 22,7%-ით მესამე ადგილზე სოციალისტური პარტია გავიდა, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხელმძღვანელობს. როგორც ცნობილი გახდა, ხმის მიცემის პროცედურაში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი მონაწილეობდა.
მარინ ლე პენი რუსეთის მხარდაჭერითაა ცნობილი. პარტიის ლიდერმა რუსეთისადმი დასავლეთის სანქცირებული პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა. კერძოდ, მან ანტირუსულ სანქციებს შეცდომა უწოდა და საფრანგეთს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ მოუწოდა.
ამის გარდა, ლე პენმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სამხედრო ოპერაციას მხარი დაუჭირა. მან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ლიდერობას სირიული კონფლიქტის მოგვარებაში ხაზგასმით აღნიშნა.
ლე პენის თქმით, დასავლეთმა რუსეთის სამხედრო ჩარევის პოლიტიკა ნეგატიურად იმიტომ აღიქვა, რომ აღნიშნულმა ქმედებამ დასავლეთის ლიდერებს საკუთარ შეცდომებზე მიუთითა.
“რუსეთის პრეზიდენტი იმას აკეთებს, რაც დასავლეთის ლიდერებს რამდენიმე წლის წინ თავად უნდა მოემოქმედათ”, – დარწმუნებულია მარინ ლე პენი.