კომუნიკაციების კომისია ბათუმის კონკურსის გამარჯვებულს გამოაცხადებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC), ხვალ, 31 აგვისტოს ორი კონკურსის გამარჯვებულს გამოაცხადებს.

ერთი კონკურსი ეხება ქ.ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიას, სადაც მხოლოდ ერთი კონკურსანტი შპს “მედეფემი” იღებს მონაწილეობას.

ხოლო, მეორე კონკურსი რომელიც ასევე ქ.ბათუმშია გამოცხადებული კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას ეხება და სადაც ორი კონკურსანტია წარმოდგენილი:

შპს “რადიოცენტრი პლიუსი” (რადიო პალიტრა) და შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი”.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო და კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა 24 აგვისტოს გამართა.

საჯარო სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შედარებითი ანლაზი წარმოადგინა.

ანალიზის მიხედვით რადიო პალიტრა ბათუმში საკუთარი სიგნალის გავრცობას გეგმავს, ჰერეთი კი ახალი რადიოსადგურის – “ბათუმის” გაშვებას.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ანალიზში ნათქვამია, რომ ჰერეთის კონცეფცია პირდაპირ პასუხობს ბათუმის 252-ე სამაუწყებლო ზონის კვლევის შედეგებს, სადაც რადიომსმენელის 56.7 % ადგილობრივი რადიოსადგურის არსებობას ითხოვს.

“რადიო ცენტრი პლიუსი” სამაუწყებლო ბაზარზე 1 რადიოსადგურითაა (რადიო პალიტრა FM103.9) წარმოდგენილი და 2008 წლიდან მაუწყებლობს.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კი 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს –  RelaxWebRadio – ს.

საკონკურსო სხდომა, სადაც კომისია ორივე კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს დაასახელებს 2017 წლის 31 აგვისტო 13:00 საათზე გაიმართება.

კომისიის წევრებმა წინა სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button