საფრანგეთში ჟან მარეს საფლავი გაძარცვეს [Video]
ჟან მარეს საფლავი, რომელიც ვალორისშია განლაგებული, უცნობმა პირებმა გაძარცვეს. საფლავის ქვიდან ბრინჯაოს სკულპტურა დაიკარგა, რომელიც მხეცს განასახიერებდა კინოფილმიდან “მზეთუნახავი და ურჩხული”, – წერს გამოცემა Le Croix.
გამოცემის ინფორმაციით, ქანდაკება 35 კილოგრამს იწონის, სიმაღლე 60 სანტიმეტრია და მისი ღირებულება 4 ათას ევროს შეადგენს.
ცნობილია, რომ მარე მხატვრული სკულპტურით იყო გატაცებული და ეს ქანდაკება მსახიობის ოდესღაც დაკარგული ნამუშევრის მიხედვით იყო შექმნილი.
საფლავის ქვაზე მხეცის 2 ქანდაკება და მათ შორის კი ლომის თავის ნიღაბია განლაგებული. ქალაქის მერის თქმით, ეს კომპოზიცია ფრანგული კინოს შედევრების სიმბოლოს წარმოადგენდა.
“ეს ჩვეულებრივი ქანდაკებები არ გეგონოთ, ისინი ფრანგული კინოს შედევრების სიმბოლო და მისი მემკვიდრეობაა. მიმაჩნია, რომ სკულპტურის მოპარვა ჟან მარესა და ჟან კოკტოს (ფილმის რეჟისორი) ხსოვნის შეურაცხყოფაა”, – აღნიშნა ქალაქის მერმა მიშელ სალოკიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსახიობი, ჟან მარე ცნობილია ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა: “ფანტომასი”, “გრაფი მონტე-კრისტო”, “რკინის ნიღაბი” და სხვა.