საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 28 ოქტომბერი დაასახელა.
მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით და მას დღესვე გაეგზავნება შესაბამისი დადგენილება.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა გიორგი მარგველაშვილს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მარგველაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.
„დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობის უფლება, მოქალაქეობის მინიჭების საკითხში ფაქტობრივად იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება, აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, არა მარტო მოქალაქეები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული. ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბლებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონოდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ,“-განაცხადა მარგველაშვილმა.