მნიშვნელოვანისიახლეები

საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი ივანიშვილმა წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია. ის პარტიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
2020 წლიდან კი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარsa და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.

„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა… დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას“, – თქვა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.

პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია – და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში ცარიელია ველი განათლების შესახებ. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა“, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“. მიხეილ ყაველაშვილის შესახებ პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის. მათ შორის, კანდიდატი ვალდებული არ არის, წარადგინოს საშუალო განათლების (სკოლის) დამდასტურებელი რაიმე ცნობა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ ყაველაშვილის დიპლომთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა“. მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ – მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც.

მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის – აშშ-ის – საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა: „მანჩესტერ-სიტი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე – უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება – მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც განათლებულია-მდინარაძე

შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნები “ოცნებამ” 14 დეკემბერს დანიშნა, ინაუგურაცია კი არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი, 5 წლის ვადით აირჩევს.

300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button